სიღნაღში პედაგოგს, რომელმაც მოსწავლეს საფულის მოპარვა დააბრალა, საათები ჩამოართვეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეს საჯარო სკოლის პედაგოგს, რომელმაც მოსწავლეს საფულის მოპარვა დააბრალა, საათები ჩამოართვეს.
გადაწყვეტილება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ და დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღეს. სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლია ბეჟაშვილის ინფორმაციით, სრულ განაკვეთზე მყოფ პედაგოგს, სკოლაში მხოლოდ ხუთსაათიანი დატვირთვა დარჩა.
“ასე გადაწყვიტა სკოლამ, რომ პედაგოგი აღარ იქნება კლასის დამრიგებელი და მთლიანი განაკვეთის ნაცვლად, მას ექნება მხოლოდ 5 საათიანი დატვირთვა. თავად მასწავლებელი, ბავშვის ოჯახსაც ესაუბრა და როგორც ვიცი, ძალიან განიცადა საკუთარი შეცდომა. ამჟამადაც სამედიცინო ფურცელზე იმყოფება”– განაცხადა ბეჟაშვილმა.
შემთხვევა სიღნაღის მუნიციპლიტეტში, 28 აპრილს მოხდა. მასწავლებელმა საფულე გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა, ეჭვი მოსწავლეზე მიიტანა და მას სახლი გაუჩხრიკა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პედაგოგს საფულე სახლში დარჩა. მეოთხე კლასის მოსწავლე, მთელ დღეს სკოლაში არ გამოცხადდა, დღის მეორე ნახევარში კი, ის პოლიციამ იპოვა.