ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა პარტიული თანამდებობა დატოვა

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, ,,ქართული ოცნების” თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

შოთა ნარეკლიშვილმა, პარტიული თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით, პარტიის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღის წინ მიმართა.

“ჩემი გადაწყვეტილება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. მე აღარ ვაპირებ კენჭი ვიყარო მერის თანამდებობაზე, ამიტომ პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პროცესი განახორციელოს საკუთარი კანდიდატის ინტერესების მიხედვით. პარტიულ საქმიანობას აღარსად ვაპირებ. გადაწყვეტილება პირადად მივიღე,”– განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

“ქართული ოცნების” თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე შეასრულებს.

შოთა ნარეკლიშვილი 2017 წლიდან თელავის არჩეული მერის, ხოლო 2018 წლიდან, ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ვის დაასახელებს პარტია, ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ თელავში და როდის ჩატარდება ყრილობა ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.