ახალი ამბები

ლაგოდეხში ახალგაზრდებმა მიტანის სერვისი ,,ჭო Drive” შექმნეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხუთმა ახალგაზრდამ მიტანის სერვისი ,,ჭო Drive”  შექმნა. ახალგაზრდების განცხადებით, საქმიანობა ორი დღეა დაიწყეს და ამას საკუთარი ავტომობილებით აკეთებენ. ისინი მუნიციპალიტეტის 67 სოფელს ფარავენ.

მიტანის სერვისის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამაზ ნატროშვილი knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალგაზრდების გუნდიდან ოთხნი ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებულები არიან, ერთი კი პროფესიით იურისტია.

,,დღეს სამყარო ისეთი ჩქარია, როგორც არასდროს. შესაბამისად ჩვენც მუდმივად უნდა ვეცადოთ ფეხი ავუწყოთ მას. მიტანის სერვისის კულტურა საქართველოში ბოლო რამდენიმე წელიწადია რაც დაინერგა და დღემდე წარმატებულია, თუმცა მსგავს სერვისს საქართველოში მხოლოდ თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში თუ შეხვდებით. სწორედ ამიტომ ჩვენ გუნდს სურს მიტანის სერვისი ისეთი პატარა ქალაქისთვისაც გახადოს ხელმისაწვდომი როგორიც ლაგოდეხია. საქმიანობა სულ რაღაც 2 დღეა დავიწყეთ, უფრო კონკრეტულად კი მას მერე რაც ჩვენი Facebook-გვერდი ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ჩვენი გუნდი ხუთი ადამიანითაა დაკომპლექტებული, ხუთივე ლაგოდეხში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდები ვართ და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ გვსურს ჩვენს ქალაქში გავაკეთოთ რაღაც ახალი. გუნდიდან 4 ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებულები ვართ, ერთი კი პროფესიით იურისტი”,- განუცხადა Knews.ge-ს თამაზ ნატროშვილმა.

ახალგაზრდას თქმით, მსგავსი სერვისი ლაგოდეხში აქამდეც იყო, თუმცა მხოლოდ ლოკალურად, კონკრეტულ კაფეებსა და სეგმენტზე მორგებული.

,,მსგავსი მასშტაბი რასაც ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს, ჯერ-ჯერობით ლაგოდეხის ბაზარს არ აქვს. იდეის დაბადებას ხელი შეუწყო დღევანდელმა მდგომარეობამაც, ვგულისხმობთ პანდემიას. ასეთ დროს განსაკუთრებით საჭიროა მსგავსი ტიპის მომსახურება”,- აღნიშნა თამაზ ნატროშვილმა.

ახალგაზრდების განმარტებით, სერვისის ამუშავება დასაწყისისთვის საკუთარი მანქანებით შეძლეს. ისინი სამომავლოდ კომპანიის ზრდასთან ერთად მანქანების მოპედებით შეცვლას გეგმავენ.

,,დასაწყისისთვის გადავწყვიტეთ ტრანსპორტად საკუთარი ავტომობილები გამოგვეყენებინა, თუმცა უახლოეს მომავალში, კომპანიის ზრდასთან ერთად ხარჯების მინიმალიზირებისათვის მანქანები მოპედებით შეიცვლება. დასაწყისისთვის ჩვენი დაფარვის ზონა იქნება ლაგოდეხი და მის მუნიციპალიტეტში შემავალი 67 სოფელი. რაც შეეხება ფასებს, ქალაქში მიტანის საფასურია 2 ლარი, სოფლებში კი ეს კილომეტრაჟიდან გამომდინარე დგება და ყველა სოფელს სხვადასხვა საფასური აქვს”,- აცხადებს ახალგაზრდა.

თამაზი ასევე აცხადებს, რომ მიტანის სერვისის სახელი ,,ჭო Drive” სპეციალურად შეარჩიეს, რადგან ლაგოდეხთან ასოცირდება და მარტივი დასამახსოვრებელია.

,,სიტყვა ჭო – ლაგოდეხში ყველასთვის კარგად ცნობილი დიალექტური გამოთქმაა და გარდა ამისა ის მარტივად ასრულებს მარკეტინგის მოთხოვნებს. ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანია ლაგოდეხურია. გარდა ამისა, მარტივად დასამახსოვრებელია და იწვევს დადებით ემოციას მომხმარებელში”,-აცხადებს თამაზ ნატროშვილი.

მისი განმარტებით, ახლადშექმნილ კომპანიაში ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც შეკვეთების რაოდენობას უმკლავდებიან. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათთან მუშაობის მსურველი ბევრია და იმ შემთხვევაში თუ ბაზრის მოთხოვნა მისცემთ საშუალებას, სამომავლოდ მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.