საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით კახეთიდან ემიგრაციაში წასული სამი პირი დააკავეს
საბერძნეთის ქალაქ ატიკში ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დაკავებულებს შორის არიან თელავიდან და გურჯაანიდან ემიგრაციაში წასული პირები. მათთან ერთად პოლიციამ სხვა პირებიც დააკავა.
ათენის პროკურატურის დადგენილებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 12 მაისს დააკავეს. მათ ბრალად ქურდობა ედებათ. პოლიციაში აცხადებენ, რომ ქურდობის ფაქტი ქალაქ ატიკში, 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, რა დროსაც დაჯგუფებამ ძვირადღირებული ტექნიკა (კომპიუტერები და ტელეფონები), საიუველირო ნაკეთობები და საათები მოიპარა.
სამართალდამცველებმა ასევე 6 220 ევროს ღირებულების ორი ავტომობილი ამოიღეს. საერთო ჯამში მოპარული ნივთების ღირებულებამ 190 000-მდე ევრო შეადგინა.
ბერძნული მედია წერს, რომ დაკავებულებს შორის 3 ქალია. ათენის პროკურატურამ დაკავებულების ვინაობაც გაასაჯაროვა.