იტალიური ვერტმფრენებით თელავიდან თუშეთში საჰაერო ტურები სრულდება
იტალიური ვერტმფრენებით თელავიდან თუშეთში საჰაერო ტურების შესრულება დაიწყო.
ტურები თელავში მდებარე სასტუმრო „ზუზუმბომ“ საკუთარ მომსახურებას დაამატა, ამაში კი მას დახმარებას ავიაკომპანია „თი სი ეი“ უწევს.
ავიაკომპანიასა და აღნიშნულ სასტუმროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, ავიაკომპანია „ზუზუმბოს“ დამსვენებლებს საკუთარ მფლობელობაში არსებული, იტალიური წარმოების AGUSTA A-109K2 -ს მოდელის ორი ვერტმფრენით ემსახურება.
სასტუმროში აცხადებენ, რომ მომხმარებელს შეუძლია დაიქირავოს „თი სი ეი“-ს კუთვნილი ვერტმფრენი და მისთვის სასურველ, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში გადაფრინდეს.
საჰაერო ტურები განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთი ძნელად მისასვლელი ადგილებისთვის, როგორიც მაგალითად თუშეთია.
საჰაერო ტურის მომსახურებაში შედის ადგილზე ექსკურსიაც, სამი საათის მანძილზე ვერტმფრენი ელოდება მგზავრებს და მოჰყავს უკან. არსებული ინფორმაციით, თუშეთის ტურის ფასი 6 კაცზე 1600 დოლარი ღირს.
ცნობისთვის, ავიაკომპანია „თი სი ეი“-ს საკუთრებაში არსებული იტალიური წარმოების AGUSTA A-109K2 -ს მოდელის ვერტმფრენები 6 ადგილიანია და საკმაოდ კომფორტულია.