ახალი ამბები

ლოპოტას ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის სამუშაოები შეჩერებულია

ქართულ-იტალიურმა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2016 წლიდან ლოპოტას ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მუშაობა დაიწყო. 3 წლის განმავლობაში კომპანიამ 1 მლნ დოლარის ფინანსური რესურსით ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა და როგორც კომპანიაში ამბობენ, რთული სანებართვო პროცედურების შემდეგ „ლოპოტაჰესის“ პროექტის განხორციელების ნებართვა 2019 წელს მიიღო.

„ლოპოტაჰესის“ აღმასრულებელი დირექტორი ბიძინა იმნაძე აცხადებს, რომ ურეზერვუარო, მცირე ჰესის მშენებლობაზე 2020 წლის ოქტომბრამდე კომპანიას ჯამში 10 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, შედეგად კი წლიურად 25 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგია მიეღო.

“ლოპოტაჰესის” აღმასრულებელი დირექტორი bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ართანა ლოპოტა“ მოსახლეობასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად იყო, თუმცა პროცესი ისე წარიმართა, რომ რიგ საკითხებში ადგილობრივები ვერ დაარწმუნეს. მისივე თქმით, ჰესი დღემდე არ ამოქმედებულა. უფრო მეტიც, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის შემდეგ შეჩერებულია და მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობაა.

„სერიოზული ნეგატიური პროცესები მოსახლეობასთან, სამწუხაროდ, 2019 წლის აპრილში დაიწყო. მშენებლობის დაწყების წინ აგრესიული ფონი შეიქმნა, ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნა გავითვალისწინეთ და მშენებლობა შევაჩერეთ. მას შემდეგ დარწმუნებული ვიყავით, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან შეხვედრისას ყველა კითხვას ვუპასუხებდით და თუ რაიმე ნაკლი იქნებოდა, გამოვასწორებდით. აქ წავაწყდით იმას, რასაც არარაციონალური პრობლემები შეგვიძლია ვუწოდოთ. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ ეს პრობლემები თითქმის ყველა ჰესზე ერთი და იმავე სცენარით მიდის.

ისმის ბრალდება, რომ არ არის ჩატარებული კვლევები – ტოპოგრაფიული, სეისმური. ისეთი კვლევები, რომლის გარეშე ჰესის აშენება შეუძლებელია. შემდეგ ხდება ემოციური მიზეზების წინა პლანზე წამოწევა. ჩვენს შემთხვევაში საუბარია, რომ იქ უნიკალური მარმარილოს საბადოა, რომელსაც ჩვენ თითქოს ვანგრევთ და რომ სოფელს არ ექნება წყალი, ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ხე-ტყე განადგურდება.

ეს მეორდება და ამ სცენარს სხვადასხვა ჰესთან მიმართებით ხშირად ვხედავთ. დარწმუნებული ვარ, ყველა სოფელმა კარგად იცის, სად რომელი ძეგლია, დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ფართო საზოგადოებაზე ხდება, რომ ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ. ეს ძალიან შემაშფოთებელი და უარყოფითი მოვლენაა“, – განაცხადა „ართანა ლოპოტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის პროცესში გარდა სამშენებლო კომპანიების პროექტში ჩართვისა, 60 ადგილობრივი უშუალოდ მშენებლობაზე დასაქმდებოდა, ასევე კომპანია სოფლებში მუშებისთვის სახლების დაქირავებას გეგმავდა.

იგეგმებოდა მუშახელის ადგილობრივი სურსათით უზრუნველყოფა. შეიქმნებოდა სოფლის მხარდაჭერის ფონდი, სადაც ჰესის ამოქმედების შემდეგ ყოველწლიურად თანხები სოფლის სასარგებლოდ გამჭვირვალედ ჩაირიცხებოდა. ბიძინა იმნაძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, დღეისთვის პროექტი გაჩერებულია და მცირე „ლოპოტა ჰესის“ აშენება ვერ ხერხდება.