ახალი ამბები

გადაშენების პირას მყოფმა ბექობის არწივმა დედოფლისწყაროში ხელოვნურ ბუდეზე დაიბუდა

ბექობის არწივმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 4 წლის წინ გაკეთებულ ხელოვნურ ბუდეზე დაიბუდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე საბუკო — საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის ავრცელებს.

საბუკოს ცნობით, გაშლილ ტერიტორიაზე ფრინველებს ბუდის მოსაწყობად მოსახელთებელი ადგილი არ ჰქონდათ, ამიტომ, საზოგადოებამ 2016 წელს მათ ხელოვნური ბუდე დაუდგა, რომელსაც, მობინადრე 4 წლის დაგვიანებით გამოუჩნდა.

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მორიგ მონიტორინგზე ჩასულებს, დიდხანს ნანატრი ახალი ამბავი დაგხვდა – ბექობის არწივმა ჩვენ მიერ 4 წლის წინ აშენებულ ხელოვნურ ბუდეში პირველად დაიბუდა. ამ ტერიტორიაზე ბექობის არწივის ინდივიდებს ყოველთვის ვამჩნევდით, თუმცა გაშლილ ველზე მათ დასაბუდებლად მოსახერხებელი არაფერი მოიძებნებოდა, ამიტომ, 2016 წელს, პირველი ხელოვნური ბუდე სწორედ აქ დავდგით.

 ბექობის არწივს ბუდეებს ხშირად მიზანმიმართულად უნგრევენ, მათზე ნადირობენ ან სხვა გზებით აწუხებენ სახეობას, ამიტომ ის გადაშენების პირასაა მისული. 2016 წლიდან, ბექობის არწივის დაცვასა და კონსერვაციაზე მუშაობა საბუკოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მთელი ამ დროის მანძილზე, ყველაზე მეტი – 17 მობუდარი წყვილი წელს აღვრიცხეთ.  იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შემჩნეული ეს წყვილიც ბუდობას მშვიდობიანად დაასრულებს და გამოჩეკილ ბარტყებსაც უსაფრთხოდ წამოზრდის”,- აცხადებენ ,,საბუკო — საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის” წარმომადგენლები.

საბუკო, რომელიც 2014 წელს დაფუძნებული ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციაა, წითელ ნუსხაში შეტანილი ბექობის არწივის ინდივიდების მონიტორინგს უკვე წლებია, ახორციელებს. ამ საქმიანობის ნაწილია ფრინველებზე GPS გადამცემების დამაგრება, რომლის საშუალებითაც მათ გადაადგილებას ყოველდღიურად ადევნებენ თვალს.