ახალი ამბები

სტიქიისგან დაზარალებული სოფელ ბაისუბნის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სტიქიისგან დაზარალებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, ძლიერმა სეტყვამ მოსავალი სრულად გაანადგურა, თუმცა ზარალის აღწერა ჯერჯერობით არ მომხდარა.

” უკვე ერთი კვირა გავიდა და არ ვიცით ზარალს როდის დაადგენენ, ან რითი დაგვეხმარებიან. მომავალი წლისათვის, ფაქტიურად მშივრები დავრჩით. არც იმას გვეუბნებიან, ბანკებთან გვიშუამდგოლებენ, თუ არა”- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს და მუნიციპალიტეტის მერსაც მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები აქვს. შეგახსენებთ, 29-30 აპრილს მოსულმა ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სეტყვამ გაანადგურა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, ერთწლოვანი კულტურები, ვენახები და სათბურები, სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. მთლიანად კახეთში სტიქიამ ოთხ მუნიციპალიტეტში ათობით სოფელი დააზარალა.