ახალი ამბები

ახმეტაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული ი.ქ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

,,სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.