,,ღვინის ეზო N1’’ ყვარელში კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცეს აამოქმედებს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოქმედი ოჯახური ტიპის აგროტურისტული ობიექტი ,,ღვინის ეზო N1’’ კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცეს აამოქმედებს და ამ კუთხით პროექტებს განახორციელებს.
კომპანიამ ყვარლის რაიონში, ამ მიზნით, უკვე შექმნა საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. „ღვინის ეზო N1″-ის დამფუძნებელი თიკა დუღაშვილი აცხადებს, რომ პროექტის გაფართოებასა და ტექნიკით აღჭურვაზე გრანტიც მოიპოვა. მისი თქმით, პროექტის მიზანი ადამიანების მთელი მსოფლიოდან თავმოყრა, კულტურათა ერთ სივრცეში დიალოგი და ინტერნაციონალური გარემოს შექმნაა.
,,როცა ,,ღვინის ეზო N1’’ შევქმენით, მაშინვე გვქონდა იდეა, რომ ეს ადგილი ყოფილიყო ადამიანების შეხვედრის, კულტურულ- საგანმანათლებლო გაცნობებისსა და გაცვლის ადგილი. ახლახანს ,,აწარმოე საქართველოს’’ გრანტი მოვიპოვეთ და სწორედ მათი დახმარებით უკვე დავიწყეთ საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა. ეს იქნება სრულიან ახალი, განსხვავებული ლოკაცია, იდეა ინოვაციურია. ეს გრანტი კი წარმოუდგენლად ბევრი და ახალი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. ძალიან მინდა უფრო ძლიერი, განვითარებული სოფლები გვქონდეს საქართველოში. კახეთი ჩემი მშობლიური მხარეა და ამიტომ სწორედ ამ რეგიონში, -კახეთში მინდოდა ეს გამეკეთებინა. ბევრი იდეა და პროექტი მაქვს, მთავარია მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონდეს’’,- განუცხადა knews.ge-ს თიკა დუღაშვილმა.
მისი განცხადებით, სოფლად ნაკლებად არის მსგავსი საკონფერენციო- საგანმანათლებლო სივრცები და ამიტომ მათი მიზანია ხელი შეეწყოს საქმიანი ტურიზმის განვითარებას რეგიონში.
მისი თქმით, სივრცეს ისეთი საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად გამოიყენებენ, როგორიცაა ევროკავშირის პროექტები, ღვინის სკოლა, რომელიც საბოლოო ეტაპზეა.
ეს კი როგორც თიკა ამბობს, შესაძლებლობას მისცემთ უმასპინძლონ ტრენინგებს, კონფერენციებს, გამოფენებს, კულტურულ ღონიძიებებს და ა.შ. მისივე განმარტებით, მათი ობიექტი ღვინის, აგრო, გასტრო, ეკო, ეთნო ტურისტულ მიმართულებებს აერთიანებს.
,,ღვინის ეზო N1’’ გახლავთ ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს, კერძოდ კი ისეთებს როგორიცაა : ღვინის, გასტრო, აგრო, ეკო, ეთნო ტურიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი ორი წლის წინ შეიქმნა, უმოკლეს ვადაში ის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან იზიდავს ტურისტებს. მე ამ საქმიანობას ჩემს დიდ ოჯახთან ერთად ვუძღვები.
აღნიშნული იდეა პირველად მე მომივიდა და ჩემი ოჯახის წევრებს გავუზიარე. იმის გამო, რომ პაპა წლების განმავლობაში ღვინის ქარხანაში მუშაობდა და გამორჩეულ ღვინოს და არაყს აყენებდა, მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი დარგია. ოჯახის წევრების დახმარებით ეს იდეა განვახორცელე. აქ მოსულ ტურისტს ვაჩვენებთ, როგორია ერთი ქართული, კახური, ტრადიციული ოჯახი და გვიხარია, რომ მათ ეს ძალიან მოსწონთ. ჩვენთან მოსულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ნახონ უძველესი ქართული ნივთები, გაიარონ მასტერკლასი და შემდეგ, საკუთარი ხელით გამოაცხონ თონეში პური, ამოავლონ ჩურჩხელა, ნახონ, როგორ იხდება ,,ზაოტზე” არაყი, როგორ იწვება წალამზე მწვადი და სხვა. სურვილის შემთხვევაში, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა სოფელში მდებარე უძველესი ისტორიული ძეგლებიც მოინახულონ, მოუსმინონ სოფლის ქართული–ხალხური ცეკვის და სიმღერის გუნდს და სხვა,”– განუცხადა knews.ge-ს თიკა დუღაშვილმა.
თიკა დუღაშვილი ასევე აცხადებს, რომ პანდემიამ მათ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
,,პანდემიამდე უამრავი სტუმარი გვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი დაპაუზდა. მოგეხსენებათ, ეს ინდუსტრია ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის პირობებში და ქართველ მომხმარებელზე გადავეწყეთ. განსაკუთრებით აქტიური იყო შემოდგომის, რთველის პერიოდი. ჩამოდიოდნენ ოჯახებით, მეგობრებით და მთელ დღეს ატარებდნენ ჩვენთან. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ,,ღვინის ეზო N1″ – ში სტუმრობა. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მუშაობას არ ვწყვეტთ, ბოლო პერიოდში ჩამოდიან უკვე აცრილი ტურისტები და მათ რეგულაციების სრული დაცვით ვმასპინძლობთ”,- განაცხადა თიკა დუღაშვილმა.