ლაგოდეხში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლაჰოდეხში 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ-მ პოლიციის თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა. დანაშაული 4- 7 -მდე წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცმა დაზიანება სამართალდამცავს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, დაჭრამდე მამაკაცის ოჯახი 112- ს დაუკავშირდა და შვილის დაკავება სთხოვა იმ მიზეზით, რომ ის აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა. ადგილზე დასახმარებლად გამოძახებულ სამართალდამცავს კი მამაკაცი ნაჯახით გაუსწორდა.