ახალი ამბები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცმა დაზიანება სამართალდამცავს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.

მეზობლების ინფორმაციით, დაჭრამდე, მამაკაცის ოჯახი 112- ს დაუკავშირდა და შვილის დაკავება სთხოვა იმ მიზეზით, რომ ის აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა.

ადგილზე დასახმარებლად გამოძახებულ სამართალდამცავს კი მამაკაცი ნაჯახით გაუსწორდა.

პოლიციელი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. მამაკაცის დასაკავებლად პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზაცია გახდა საჭირო.

დაკავებულის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბოლო პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათი თქმით, ის აგრესიული იყო როგორც ოჯახის წევრების, ასევე სხვა მოქალაქეების მიმართაც.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.