ბლოგები

“ოთხი დის” ღვინო და ტრადიციული იაობა 31 მარტს

ოჯახი, რომელიც დასტურია იმის, რომ მონდომებით და აგურზე აგურის დადებით კედელი აღიმართება. ეს არის დიდი ოჯახი გუჯაანიდან. ღვინის წარმოებაში მათი პროდუქტის მთავარი ინგრედიენტი ღვინის წარმოებაში ცოდნა და დიდი სიყვარულია.
“ღვინო ყოველთვის ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი იყო. დავიბადეთ ისეთ ოჯახში, სადაც ყველა პატივს სცემდა ვაზსა და ღვინოს. ბავშვობიდან ყველა ჩართული ვიყავით მოსავლის აღების პროცესში. მოგვიანებით, ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების პროცესშიც ვიღებდით მონაწილეობას.
იქიდან გამომდინარე, რომ ვართ ოთხი და და ყველას ჩვენი საკუთარი როლი გვაქვს ღვინის დაყენებაში, სახელწოდებაც ამას დავუკავშირეთ – ღვინოს ჰქვია “ოთხი და.”
ამ ღვინის შექმნა დიდი გამოწვევა იყო, რადგანაც 3 წლის განმავლობაში ვენახს ვუვლიდით მხოლოდ ბიოპრეპარატებით. გვინდოდა შეგვექმნა ბიო ღვინო. ვაწარმოებთ ინდუსტრიულ ღვინოსაც – “ინატრე”, რომლის სახელწოდებაც ასევე სიმბოლურია და უკავშირდება ჩვენს გვარს.
გვაქვს ბევრი ოჯახური ტრადიცია. განსაკუთრებულად გვიყვარს “იების დღე”, “იაობა”, რომელიც მამამ მოიფიქრა წლების წინ და ყოველ წელს გრანდიოზულად აღვნიშნავთ. მომავალში ამ ტრადიციასთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს”,- აცხადებს ერთ–ერთი ღვინის მწარმოებელი მარიამ ნატროშვილი.
აღსანიშნავია, რომ მათ ოჯახს 31 მარტის ტრადიცია აქვთ, რომელსაც “იაობას” უწოდებენ.
“ყოველთვის, როცა 31 მარტია ან იმ შაბათ-კვირას, რომელიც ყველაზე ახლოსაა ამ რიცხვთან, ან მაშინ, როცა იები ყველაზე ბევრია, ჩვენთან იების დღეა. ,,იაობა” ასე მამამ დაარქვა და საერთოდაც მან მოიგონა ეს დღე. მივდივართ ხოლმე ყველა ერთად სოფლის ტყეში და ვკრეფთ იებს, ენძელებს, ფურუსულებს.. ცა არის ხოლმე ლურჯი, კავკასიონზე ჯერ კიდევ თოვლია და ვაზები შეუფოთლავი, ზამთრის საღამოსფერი.
რა თქმა უნდა, იყო დრო როცა ეს თარიღი მხოლოდ თარიღი იყო და მეტი არაფერი, მაგრამ საიდანაც ჩემი მეხსიერება იწყება ასეთი დრო არ არსებობდა. მახსოვს, თავიდან რომ ვერ ვიჯერებდი, როცა აღამოვაჩინე, რომ ჩვენ გარდა არავინ აღნიშნავდა ამ დღეს. მერე დიდხანს მიკვირდა, რანაირად შეიძლებოდა 31 მარტი ვინმესთვის ჩვეულებრივად გათენებულიყო და არ შეეგრძნოთ ნამიანი მიწის და იის სუნი.
მე ძალიან მიყვარს ეს იასამნისფერი, ზოგჯერ წვიმიანი და ტალახიანი, ხალხმრავალი დღე, რომელსაც ყველაზე მეტად სახლის სუნი აქვს, რადგან ამ დღეს ყველა ის ადამიანი ჩემს გარშემოა, რომლებთანაც ყველაზე უფრო სახლში ვგრძნობ თავს.
თუ შეიძლება, რომ ვინმეს აჩუქო დღე, როგორც ასეთი, თურმე მამამ მაჩუქა როცა სამი თვის ვიყავი. და თუ მართლა შეიძლება დღის ჩუქება, მე თქვენ ყველას გჩუქნით! აღნიშნეთ ხოლმე ვისაც გინდათ”,- განაცხადა უფროსმა მეღვინემ იამზე ნატროშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე