ახალი ამბები

სოფელ აწყურში მცხოვრებმა მეთუნემ ტურისტების მისაღებად სახელოსნო გახსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრებმა მეთუნემ რამაზ გახუტაშვილმა საქმიანობის გასაფართოვებლად და ტურისტების მისაღებად სახელოსნო გახსნა.

მისი თქმით, სახელოსნო ორსართულიანია. ტურისტებს პირველ სართულზე თიხის ნივთების დამზადების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ, მეორე სართულზე კი იქნება მათი მისაღები სივრცე, სადაც ისინი ქართული კერძების დაგემოვნებას შეძლებენ.

,,დასრულდა ჩემი სახელოსნოს მშენებლობა. ეს საშუალებას მომცემს მოკლე დროში დავამზადო თიხის ჭურჭელი და ახალი ენერგიით და სიახლეებით გავაგრძელო საქმიანობა. იმ ფართისგან განსხვავებით, სადაც ადრე ვმუშაობდი აქ დიდი ადგილია და უკვე შემიძლია ტურისტული ჯგუფის მიღება. სახელოსნო არის ორსართულიანი.

მეორე სართულზე იქნება მისაღები სტუმრებისთვის, ბუხარი, პატარა საგამოფენო ოთახი და სადეგუსტაციო სივრცე, რომ სტუმრებმა დააგემოვნონ ჩემი ქვევრის ღვინო და ქართული კერძები. ასევე გავაკეთე ძველი ტრადიციული სახელოსნოც და ქურაც, რაც ვფიქრობ ძალიან დააინტერესებს მნახველს. ჩემი ფინანსებით მაქვს სახელოსნო აშენებული, ხოლო ქურის აშენებაში კი ,,ელკანა” დამეხმარა. მათ მომცეს გრანტი, რითიც ეს შევძელი” – განუცხადა knews.ge-ს რამაზ გახუტიშვილმა.

მეთუნე სხვადასხვა სახის თიხის ჭურჭელს ხელადებს, სურას, ქვევრებს, ფიალებს, კეცებს და ლობიოს მოსახარშ ქოთნებს, ჯამებს და სხვა ძველ ქართულ ჭურჭელს ამზადებს. აღნიშნული საქმიანობა მან ათეული წელია დაიწყო და დღემდე აგრძელებს. რამაზ გახუტიშვილის განცხადებით, თიხაზე მუშაობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, თუმცა თავისი საქმე ძალიან უყვარს და მის გარეშე უჭირს.

,,ბავშვობიდან მომწონდა ხატვა, მის გარეშე ერთი წუთითაც არ შემეძლო. სანთლის შუქზეც კი ვხატავდი. სკოლა რომ დავამთავრე, მინდოდა ისეთი რამე მესწავლა საზოგადოებაში გამოვჩენილიყავი. შემთხვევით შევედი იყალთოს აკადემიაში და დავინახე ჩემი მასწავლებელი თიხისაგან როგორ ძერწავდა ნივთებს. ძალიან დამაინტერესა და ერთი სული მქონდა ჩარხთან დავმჯდარიყავი.

სწავლის დასრულების შემდეგ იქვე დამტოვეს სამუშაოდ, თან ბავშვებს ვასწავლიდი ამ ხელობას. მუშაობაში ნელ–ნელა დავიხვეწე. სასწავლებელი რომ დაიშალა სახლში გავაკეთე დაზგა და ქურა და აქ დავიწყე მუშაობა. დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. ძირითადად ვამზადებ კახურ ტრადიციულ ჭურჭელს ქვევრებს, ხელადებს, ჩარექებს, კეცებს და სხვადსხვა სუვენირებს’’,– განუცხადა Knews.ge-ს რამაზ გახუტიშვილმა.

ხელოვანი ნამუშევრებს სახლის წინ მოწყობილ დახლზე ყიდის. ის ასევე მასპინძლობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ჯგუფებს და ნაკეთობებს ადგილზე ყიდის.

,,პროდუქციას სახლის წინ დახლი მაქვს და იქ ვყიდი. ასევე ტურისტების ჯგუფებზეც. სხვადასხვა დეკორატიულ ნაკეთობებზე შეკვეთებს ვიღებ მარნებისა და სასტუმროებიდან. გარდა ამისა, მაქვს კავშირი კომპანიებთან და ისინი მიგზავნიან ტურისტებს.

ვატარებ თიხაზე მუშაობის მასტერკლასებს და მსურველები თავისი ხელით აკეთებენ ჭურჭელს. პანდემიიდან გამომდინარე ახლა არ მყავს ტურისტები, თორემ ადრე ბევრი ჯგუფი მოდიოდა, ზოგს უკანაც კი ვაბრუნებდი. იმედი მაქვს ეს სიტუაცია გამოსწორდება’’,– განაცხადა რამაზ გახუტიშვილმა.

რამაზ გახუტიშვილი თიხაზე მუშაობას თავის ორ შვილსაც ასწავლის და ამბობს, რომ წინაპრებისგან გადმოცემული უძველესი ხელობა არ უნდა დაიკარგოს და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მისით.