სოფელ აწყურში მცხოვრები მეთუნე თიხისაგან სხვადასხვა სახის ჭურჭელს ამზადებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები რამაზ გახუტაშვილი, რამდენიმე ათეული წელია თიხისგან სხვადასხვა სახის ჭურჭელს ამზადებს.
მან საქმიანობა 1991 წლიდან დაიწყო და დღემდე რამოდენიმე ასეული ნივთი აქვს გამოძერწილი.
რამაზ გახუტიშვილის განცხადებით, თიხაზე მუშაობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, თუმცა თავისი საქმე ძალიან უყვარს და მის გარეშე უჭირს.
,,ბავშვობიდან მომწონდა ხატვა, მის გარეშე ერთი წუთითაც არ შემეძლო. სანთლის შუქზეც კი ვხატავდი. სკოლა რომ დავამთავრე, მინდოდა ისეთი რამე მესწავლა საზოგადოებაში გამოვჩენილიყავი.
შემთხვევით შევედი იყალთოს აკადემიაში და დავინახე ჩემი მასწავლებელი თიხისაგან როგორ ძერწავდა ნივთებს. ძალიან დამაინტერესა და ერთი სული მქონდა ჩარხთან დავმჯდარიყავი. სწავლის დასრულების შემდეგ იქვე დამტოვეს სამუშაოდ, თან ბავშვებს ვასწავლიდი ამ ხელობას. მუშაობაში ნელ–ნელა დავიხვეწე.
სასწავლებელი რომ დაიშალა სახლში გავაკეთე დაზგა და ქურა და აქ დავიწყე მუშაობა. დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. ძირითადად ვამზადებ კახურ ტრადიციულ ჭურჭელს ქვევრებს, ხელადებს, ჩარექებს, კეცებს და სხვადსხვა სუვენირებს’’,– განუცხადა Knews.ge-ს რამაზ გახუტიშვილმა.
ხელოვანი ნამუშევრებს სახლის წინ მოწყობილ დახლზე ყიდის. ის ასევე მასპინძლობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ჯგუფებს და ნაკეთობებს ადგილზე ყიდის.
მისივე თქმით, ,,ელკანას’’ ფინანსური დახმარებით გააკეთა სპეციალური ქურა, სადაც გაცილებით მეტი ნაკეთობის გამოწვა და გასაყიდად გამზადება შეუძლია.
,,პროდუქციას სახლის წინ დახლი მაქვს და იქ ვყიდი.ასევე ტურისტების ჯგუფებზეც. სხვადასხვა დეკორატიულ ნაკეთობებზე შეკვეთებს ვიღებ მარნებისა და სასყუმროებიდან.
გარდა ამისა, მაქვს კავშირი კომპანიებთან და ისინი მიგზავნიან ტურისტებს, მაქვს თიხაზე მუშაობის მასტერკლასები და მსურველები თავისი ხელით აკეთებენ ჭურჭელს.
პანდემიიდან გამომდინარე ახლა არ მყავს ტურისტები, თორემ ადრე ბევრი ჯგუფი მოდიოდა, ზოგს უკანაც კი ვაბრუნებდი. იმედი მაქვს ეს სიტუაცია გამოსწორდება
ადრე მცირე სახელოსნო მქონდა პატარა ქურით, სადაც რამდენიმე ნაკეთობა ეტეოდა. ამას დიდი დრო მიჰქონდა. ,,ელკანას“ ფინანსური დახმარებით, ვიყიდე საკმარისი რაოდენობის თიხა და მასალა, რომ გაცილებით დიდი ქურა ამეშენებინა, სადაც ბევრ ნაკეთობას გამოვწვავდი და გასაყიდად გავამზადებდი’’,– განაცხადა რამაზ გახუტიშვილმა.
რამაზ გახუტიშვილი თიხაზე მუშაობას თავის ორ შვილსაც ასწავლის და ამბობს, რომ წინაპრებისგან გადმოცემული უძველესი ხელობა არ უნდა დაიკარგოს და მეტი ახალგაზრდა უნდა დაინტერესდეს მისით.
,,ეს ხელობა წინაპრების ტრადიციაა და არ უნდა დაიკარგოს. მე შვილებს ვასწავლი თიხაზე მუშაობას და მათი ნამუშევრებიც ნელ–ნელა იხვეწება. სურვილი მაქვს სხვა ახალგაზრდებსაც ვასწავლო.
ასევე კოლეჯ ,,აისის“ ალვანის ფილიალში ვასწავლი თიხაზე მუშაობას ახალგაზრდებს და მიხარია რომ დაინტერესება დიდია. მზად ვარ ვასწავლო ყველას რაც მე ვიცი.’’
რამაზი სამომავლოდ სახელოსნოს გაფართოებას გეგმავს, რომელიც საშუალებას მისცემს წარმოება გააამრავალფეროვნოს და მეტი ტურისტი მიიღოს.