ახალი ამბები

საწვავის ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, შესაძლოა საწვავის ფასი კიდევ გაიზარდოს.

მისი თქმით, ეს გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის არსებულმა ტენდენციამ. იგი ასევე განმარტავს, რომ კომპანიის ინტერესი საწვავზე დაბალი ფასების შენარჩუნებაა, თუმცა იმპორტისა და რეალიზაციის პროცესში ისინი საბაზრო ეკონომიკის სხვადასხვა ფაქტორზე არიან დამოკიდებულნი.

“ამ ეტაპზე მძიმე სურათი გვაქვს. დღეს საწვავს თითქმის თვითღირებულების ფასად ვყიდით. შემდგომ პერიოდში კი ფასების კორექტირება ზრდის კუთხით მოხდება.
ჩვენი მოლოდინები და სურვილია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები არ გაიზარდოს. დღეისთვის მინიმალურ შესყიდვებს ვახორციელებთ, რათა მარაგები გაძვირებული საწვავით არ შევიქმნათ. ეს ადგილობრივ ბაზარზე ფასების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას გამოიწვევს. როგორც კი საერთაშორისო ბაზარზე ფასები დაიწევს, გამოვიყენებთ ამ მომენტს და მარაგს შევისყიდით, რათა შიდა ბაზარზე ფასები შემცირების კუთხით დაკორექტირდეს.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, დღეს მოლოდინები როგორც – ზრდის ასევე შემცირების კუთხით, მრავალფეროვანია. თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, საქართველო არაა ნავთობმომპოვებელი ქვეყანა და არ გვაქვს საშუალება, რომ საბაზრო ეკონომიკის გარდა სხვა ბერკეტი გამოვიყენოთ საწვავის შესყიდვისას. ამიტომ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასად ვყიდულობთ“, – განაცხადა ვასილ ხორავამ გადაცემა „საქმის კურსთან“ საუბრისას.