კახეთში მოსახლეობა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მარტის თვეშიც ითხოვს
1 მარტიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირება შეწყდა.
წინა ოთხი თვისგან განსხვავებით, გადასახადების გადახდა, მოსახლეობას საკუთარი სახსრებით მოუწევს. ადგილობრივების თქმით, პანდემიისგან გამოწვეული მძიმე სოციალური ფონის და პროდუქტებზე ფასების მატების პირობებში, სახელმწიფომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების პროგრამა კიდევ უნდა გაახანგრძლივოს.
“ყველაფერზეა ფასები მომატებული , ხალხმა სამსახური დაკარგა, ყველგან მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ სანამ გათბობა კიდევ გვჭირდება, სახელმწიფომ უნდა მოგვხედოს და აპრილამდე მაინც დაფაროს ჩვენი გადასახადები”– აცხადებენ ადგილობრივები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის პანდემიის გამო შექმნილი სოციალურ- ეკონომიკური პირობების შესამსუბუქებლად, ოთხი თვის განმავლობაში, კომუნალური გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
2020 წლის ნოემბრიდან, 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, გადასახადები უფინასდებოდა იმ აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ.