19 წლის მხატვარმა ახმეტაში კედლები ცნობილი ქართველების პორტრეტებით მოხატა
ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გიორგი ავალიშვილი მხატვარია. მან მუნიციპალიტეტში უფერული კედლების გაცოცხლება ქუჩის მხატვრობით დაიწყო და უსახური კედლები ცნობილი ქართველი მოღვაწეების პორტრეტებით გააცოცხლა.
როგორც თავად ამბობს, ხატვის ნიჭი და სიყვარული პატარა ასაკიდან ჰქონდა.
,,ვარ ახმეტიდან. ვსწავლობ ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე. ხატვა და ზოგადად ხელოვნება თავისით მოვიდა ჩემთან, თუმცა გენეტიკური არ არის, არავინ ხატავს ოჯახიდან. აუცილებლად უნდა ვახსენო ბატონი ზურა ბერძენიშვილი,რომელმაც შეძლო მცირე დროში ჩემი მხატვრული თვალსაწიერის საკმაოდ განვითარება, მისგან ბევრი ახალი რამ ვისწავლე.
უმნიშვნელოვანესია რა გარემოში მუშაობს მხატვარი, ჩემთვის პირადად მშვიდი ოთახი, რომელშიც ხელოვნების ესთეტიკა იგრძნობა და საყვარელი მუსიკა საკმარისია იდეალური სამუშაო გარემოსთვის. ხშირად მიფიქრია რომელი სტილი, მხატვარი არის უფრო ახლოს ჩემთან, მაგრამ ამ ეტაპისთვის ნამდვილად ვერ გამოვარჩევ. ალბათ იმიტომ რომ ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაში ვარ”,- განაცხადა გიორგი ავალიშვილმა.
ახალგაზრდის თქმით, აქამდე შექმნილი ყველა ნამუშევარი მისთვის მნიშვნელოვანია და გარდა იმისა, რომ ხატვა მისი საყვარელი საქმეა, ის ასევე მისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროც არის.
,,ხშირია კითხვა თუ რომელს გამოვარჩევდი ჩემი ნახატებიდან, მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია, თითოეულში განსხვავებულ ემოციას და ხასიათს ვხედავ, როგორც დედას უყვარს შვილები ერთნაირად, ასევეა ხელოვანიც. მისთვის თითოეული ნამუშევარი ერთნაირად ძვირფასია.
მუზა ნებისმისმიერი რამ შეიძლება გახდეს, ყოველდღიურობა, ნებისმიერი ადამიანი, ნივთი, მუსიკა ან ხშირ შემთხვევაში ფილმი. ასეთ დროს ვწყედი რეალობას და იმ ეპოქის ნაწილად მივიჩნევ თავს, სადაც ეს სიუჟეტი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩემი შემოსავლის წყაროს სწორედ მხატვრობა წარმოდგენს, არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც შენ სამუშაოს საყვარელი საქმის კეთება წარმოადგენს”,- აღნიშნა გიორგი ავალიშვილმა.
იგი ამბობს, რომ კედლის მხატვრობის დაწყებამ მისი საქმიანობა უფრო საინტერესო გახადა.
,,კედლის მხატვრობამ გამოიწვია უფრო მეტი დაინტერესება ხალხში და უფრო ცნობადი გახადა ჩემი ნამუშევრები. სამომავალო გეგმები საკმაოდ მრავალფეროვანი მაქვს, პირველ რიგში პანდემიიდან გამომდინარე, როგორც კი საშუალება იქნება სამხატრო აკადემიის კურსებს გავივლი, ასევე ვაპირებ საფრანგეთში წასვლა და კიდევ მრავალი გეგმა მაქვს. ვფიქრობ, რომ სწორად დასახული მიზანი და ამისთვის სათანადო შრომა წარმატების გარანტია, ამისთვის მე არაფერს დავიშურებ.”