სოფელ ზინობიანში უდიების შესახებ საინფორმაციო დაფის და ზინობი სილიკაშვილის სკულპტურის დასადგმელად თანხის შეგროვება დაიწყეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში მისი დამაარსებელის, ზინობის სილიკაშვილის სკულპტურის და უდიების შესახებ საინფორმაციო დაფის დადგმას ითხოვენ.
აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ორგანიზაცია ,,სამოქალაქო დარბაზის” და მოსახლეობის ინიციატივით თანხის შეგროვების კამპანია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში ასევე სოციალურ ქსლში შექმნილია გვერდი, სადაც უდიების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების და ზინობი სილიკაშვილის შესახებ ინფორმაციები ქვეყნდება, რაც მოსახლეობის დიდ დაინტერესებას იწვევს.
ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ქავთარაძე აცხადებს, რომ სოფელი ზინობიანი საქართველოში მცხოვრები უდიების განსახლების მთავარი ადგილია.
,,სოფელ ზინობიანის მოსახლეობასთან ერთად ჩვენმა ორგანიზაციამ შეიტანა განაცხადი ყვარლის მერიაში, სადაც მოვითხოვეთ სოფელში, მისი დამაარსებლის -ზინობი სილიკაშვილის სკულპტურის და უდიების შესახებ თანდართული საინფორმაციო დაფის დადგმის ნებართვა, რაც უკვე მიღებული გვაქვს და ამ საქმისთვის აგვისტოდან მოყოლებული ვაწარმოებთ კამპანიას თანხის შესაგროვებლად (სოფელშიც, მთლიანად ქვყანაში და მის ფარგლებს გარეთაც). ჯამში, 2020 წლს 31 დეკემბრისთვის 5 020 ლარი ავაგროვეთ და თანხის შეგროვებას ახლაც ვაგრძელებთ”,- განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე ქავთარაძემ.
იგი ასევე აცხადებს, რომ სოფელში ზინობის სილიკაშვილის სკულპტურის და უდიების შესახებ საინფორმაციო დაფის დადგმისთვის საჭირო თანხის მოგროვებას ხელი პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შეუშალა. მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად მათ კამპანია განაახლეს და საჭირო თანხის მოგროვებას ცდილობენ.
,,ფულის შეგროვების კამპანია დროებით შეჩერებული იყო პანდემიის გამო, ახლა გავაგრძელეთ და იმედი გვაქვს ბევრი ადამიანი დაინტერესდება ამით”,- განაცხადა ალექსანდრე ქავთარაძემ.
უდიები კავკასიელი ალბანელების შთამომავლებად მიიჩნევიან. ალექსანდრეს თქმით, საქართველოში უდიები 1920-იან წლებში გადმოსახლდნენ. მათ ემიგრაციას ზინობ სელიკაშვილი ხელმძღვანელობდა და სწორედ აქედან მოდის სოფელ ზინობიანის სახელი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ 1938 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიების დროს სელიკაშვილი დააპატიმრეს და სოფელს „ოქტომბერი“ დაერქვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ადგილობრივების მოთხოვნით, სოფელს თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა.
,,დაახლოებით 100 წლის წინ, საქართველოში უდიების გადმოსვლასთან ერთად, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დაირაზმა მათ დასახმარებლად, ხოლო ზინობი სილიკაშვილის ინიციატივით შეიქმნა ქართველ-უდინთა დამხმარე საზოგადოებაც, რომლის გამგეობის წევრებიც იყვნენ ისეთი გამორჩეული წევრები ჩვენი საზოგადოებისა, როგორებიცაა ივანე ჯავახიშვილი და შალვა დადიანი. ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ამ ყველაფრის შესახებ იცოდეს ყველა ადამიანმა”,- განაცხადა ალექსანდრე ქავთარაძემ.
კამპანიის ორგანიზატპრების თქმით, ვისაც სურს ამ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე შეუძლია თანხის დარიცხვა: თი-ბი-სი ბანკი GE90TB7871636512500003, მიმღები ალექსანდრე ქავთარაძე.