ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს მთავრობა დაასუბსიდირებს
ელექტროენერგიის ტარიფის გაზდას აქვს ობიექტური დასაბუთება და ახსნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გახარიამ განცხადება გააკეთა სემეკის სხდომის პარალელურად, სადაც თელასის და ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებისთვის სამომხმარებლო და კომერციული ტარიფების გაზრდას განიხილავენ.
„მიმდინარეობს ელექტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგადაც, როგორ მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოგადოება, ყველანი ველით, რომ ტარიფი იქნება გაზრდილი. ამას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რომლის შედეგადაც ტარიფი არ გადახედილა. ყველას გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ახალი გამოწვევაა და ხელისუფლებამ მას შესაბამისად უნდა უპასუხოს.
,, ვისმჯელეთ გუნდშიც და პარლამენტთანაც და გადაწყდა, რომ 2021 წლის განმავლობაში მოქალაქეები საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას ვერ იგრძნობენ. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს ცვლილებას 300 კილოვატსაათამდე მოხმარებისთვის. საქართველოში სულ არის მილიონ 700 ათასი აბონენტი. აქედან მილიონ 600 ათასი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების ოჯახების 95%-ისთვის გადსასახადი სრულად იქნება სუბსიდირებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სოციალურად დაუცველების შემთხვევაში წყლის გაზრდილი ტარიფიც დასუბსიდირდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში, ასევე კომპანიებს, რომლებიც პირველადი წარმოების პროდუქტს ქმნიან, ელექტროენერგიის გაზრდილი ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდებათ.