თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა
თელავის თეატრის წინ, საპროტესტო აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აქტივისტებმა თეატრის წინ კარვები გაშალეს და საპარლამენტო არჩევნების ახლიდან ჩატარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გუშინ გვიან კარავთან, რომელიც თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშლილი, მმართველ ძალასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი მივიდა, რომლებმაც პოლიციელების თანდასწრებით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კარვის დანგრევით დაემუქრნენ, შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს.
“ოთხი მანქანით იყვნენ მოსულები. ჰქონდათ პრეტენზია, თითქოს მე ვთქვი, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გამო მოხდა რუსეთისგან ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ასეთი რამ არ მითქვამს, მაგრამ, ეს იყო მათი მხრიდან საბაბი. შემდეგ გადავიდნენ დაპირისპირებაზე. გბითხრეს, რომ კარავს ჩაუბამენ მანქანას და გაათრევენ. მერე მე დამინიშნეს შეხვედრა. როცა ვუთხარი, რომ ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. მათ მიპასუხეს, რომ კონსტიტუცია არა, და შემდეგ როგორც აბოლოვებენ ხოლმე. ვფიქრობ, ხელისუფლება არის ძალიან სუსტი. რიგითი პატრულები ცდილობდნენ გაშველებას. სხვა მხარეს იდგნენ მაღალჩინოსნებიც. თუმცა, არ მოხდა საკმარისი ჩარევა მათი მხრიდან”– აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, რამაზ აივაზაშვილი.
კონფლიქტის ერთ- ერთი მონაწილე, ბიზნესმენი ლადო საყვარელიძეა. ის დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეებთან თელაველების სახელით მივიდა და მათ საჯარო განცხადებების გამო შენიშვნა მისცა.
სამოქალაქო აქტივისტები თელავში ათ დღეზე მეტია, კარავში ათენებენ ღამეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.