გამყრელიძე- კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძეს თქმით, კორონავირუსზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს.
მისი თქმით, მიმდინარეობს პარალელური პროცესი სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რომ უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა, მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი აიცრას.
დღეს, 8 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში პირველი პაციენტი აცრეს covid-19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ვაქცინას ევროპის წამლის სააგენტო 29 დეკემბერს დაამტკიცებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოს ისეთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული მომწოდებელთან, რომ შეუძლია რომელიმე დამტკიცებული ვაქცინიდან ერთ-ერთი შეარჩიოს. საქართველოს 4 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი ვაქცინის მილიონ 400 ათასი დოზის შესაძენად.