ვიდეორეპორტაჟი

როგორ უნდა გაუმჯობესდეს თელავში ეკონომიკური გარემო

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის ,,მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” (EECMD) ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკის განვითარების პოტენციალის შესახებ გზამკვლევი შემუშავდა.
პროექტის “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში შემუშავებული გზამკვლევი არის მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტი, რომელიც ემსახურება რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაჭრის გზების დასახვასა და რეკომენდაციების შემუშავებას.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის ,,მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” (EECMD) თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

მისი თქმით, პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის პროცესს წინ უძღოდა ინტენსიური სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მონაწილეებს სოცილურ-ეკონომიკურ თემატიკაზე ჩაუტარდათ ტრენინგები. რამდენიმეთვიანი ინტენსიური დისკუსიის, ექსპერტებთან კონსულტაციის, კვლევის და პრობლემების გამოკვეთის შემდეგ კი დოკუმენტი შეიქმნა.

,,დოკუმენტი არის მოქალაქეთა ხედვა, იქ ასახულია თუ როგორ ხედავენ ადგილობრივები ქალაქის განვითარებას, მის ეკონომიკურ პოტენციალს,რა პრობლემებია და რა შესაძლებლობებია ამ კუთხით. პროექტის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გააკეთა კარგი ანალიზი ამ მიმართულებით. ძირითადად გამოიკვეთა ის საკითხები, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ხედვა, არ აქვს ინფორმაცია არსებული პოტენციალის შესახებ, ასევე არ აქვ ხედვა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და რაც მრავარია არ არის შეფასებული რა რესურსებს ფლობს მუნიციპალიტეტი, რა შენობა–ნაგებობებია და სხვა.

ასევე მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ რეგიონში დაახლოებით 30 000 ჰექტარი მიწა რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა, აუთვისებელია. კვლევაში ჩართული მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ეკონომიკური კუთხით მუნიციპალიტეტში განხორციელდეს სხვადასხვა სახის პროექტები და ბიუროკრატია ამ მხრივ იყოს შემცირებული, წვრილმა და მსხვილმა ბიზნესმა მოახერხოს საქმიანობის განხორციელება.

დოკუმენტი გავაცანით ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, ექსპერტებს და პროექტის მონაწილეებს. რეგიონული განვითარების გზამკვლევების ადვოკატირება აქტიურად მიმდინარეობს ამ ეტაპზეც”,– განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.