თელავში მიუსაფარ ძაღლს თოფიდან ესროლეს
თელავში მიუსაფარ ძაღლს ერთ-ერთმა ადგილობრივმა თოფი ესროლა.
აღნიშნულ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი ავრცელებს.
თავშესაფრის ინფორმაციით, დაჭრილი ძაღლი მძიმე მდგომარეობაშია და ის 14 წლის ერთ-ერთ ადგილობრივს ყავს შეფარებული.
,,თელავში ერთ ძაღლს ესროლეს თოფი და იქნებ შეძლოთ და წაიყვანოთ? მიკედლების ადგილას თუ დავაბრუნებ აუცილებლად მოკლავენ. პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე აღმოვუჩინე. ამჟამად ჩემთან გადის რეაბილიტაციას, მაგრამ დიდხანს ვერ დავიტოვებ, რადგან ჯერ მხოლოდ 14 წლის ვარ. მშობლებს კიდევ ერთი ძაღლის დატოვებაზე ვერ დავითანხმებ. ამას გვწერს თელავიდან 14 წლის ელენე და თოფით დაჭრილი ძაღლის სურათს გვიგზავნის. ისიც იცის ვინ ესროლა თოფი ამ უწყინარ ძაღლს, მაგრამ პოლიცია მაინც არაფერს გააკეთებს და აზრი არ აქვსო. ისევ მე გამოვალ თელაველების თვალში დამბეზღებელიო.
პატარა გოგონას რომ ასე დააკარგვინებ დამნაშავის დასჯის რწმენას, შენ ხარ სახელმწიფო? რას დაემსგავსეთ ხალხო. ამ ძაღლს მივიღებ, ვუმკურნალებ და ვუპატრონებ. მინდა , რომ პატარა ელენეს რწმენა დაუბრუნდეს, რწმენა იმისა რომ ჯერ კიდე არიან ამ ქვეყანაში კეთილი ადამიანები”,– წერს თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე თამაზ ელიზბარაშვილი.
ფოტო: თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი