კახეთში ღვინის რუკა შემუშავდა
კახეთში, ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, რუკა შემუშავდა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია კახეთში გავრცელებულ ყურძნის ჯიშებზე, მიკროზონებზე, მეღვინეობების საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
ღვინის რუკა შემუშავდა ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია “ვიზით კახეთის” ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით.
კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინიკო ხანჯალიაშვილი აცხადებს, რომ მათ რუკის შემუშავების პროცესში, 6 თვის განმავლობაში, ინტენსიურად ითანამშრომლეს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან.
,,რუკა წარმოადგენს ტურისტულ პროდუქტს, რომელიც კახეთის, როგორც საქართველოში ღვინის უმთავრესი რეგიონის შესახებ გვაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. ასევე, ამ რუკაზე მაქსიმალურად დატანილია მეღვინეობის ყველა საკონტაქტო ინფორმაცია.
პირველ ეტაპზე რუკა განთავსებული იქნება კახეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში. შემდგომში იგეგმება მისი მეტი ტირაჟით ბეჭდვა და შესაბამისად იქნება საშუალება სხვა ტურისტულ ადგილებში მისი განთავსებისათვის’’,– განუცხადა Knews.ge-ს თინიკო ხანჯალიაშვილმა.
მისი განმარტებით, რუკა ჯერ მხოლოდ ერთ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ორგანიზაცია მის გამოცემას სხვა ენებზეც გეგმავს.
,,მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის რუკა შემდგომში გამოვცეთ სხვა ენებზეც, რათა მეტი დაინტერესებული უცხოელი ტურისტისათვის გახდეს ხელმისაწვდომი. ასევე, შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ქართველი ტურისტების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, რუკა მომზადდება ქართულ ენაზეც’’,– განაცხადა თინიკო ხანჯალიაშვილმა.