ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თელავში აქცია გამართეს
,,გაყალბებულია თელავში”- აღნიშნული ლოზუნგით თელავში აქცია გაიმართა.
,,ნაციონალური მოძრაობის”, ,,ლელოს”, ევროპული საქართველოს და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა თელავი-ყვარელი- ახმეტა ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ფლაერები დაარიგეს.
მათ მოსახლეობას კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
,,ჩვენ ყველა ოპოზიციური ძალა ერთად ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ იმ ადამიანების უფლებები რომელსაც წაართვეს ხმის უფლება. დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ძალით მიიყვანეს საარჩევნო უბნებზე, მოისყიდეს და დააშინეს იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მიეღოთ არჩევნებზე”,- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.
,,ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხალხს არჩევანის უფლება წაართვეს და ამას არ შეეგუებიან.
,,არ ევეგუებით იმას, რომ ქართველ ხალხს წაართვეს არჩევანის უფლება. თუ ივანიშვილს ეს გაუვიდა, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს იქნება უკიდურესი გაჭირვება და სიღარიბე”,– განაცხადა ჭიაბერაშვილმა.