არაინფორმირებული არჩევანი
ყოველ არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობის აქტიურობა შეიმჩნევა, თუმცა ენის ბარიერისა და არაინფორმირებულობის პრობლემა მაინც მწვავედ დგას.
ადგილობრივების უმეტესობა არ ფლობს ინფორმაციას რა არჩევნები ტარდება, თუმცა მათი თქმით, ისინი მოდიან არჩევნებზე და ისეთ ადამიანებს თუ პარტიას ირჩევენ, რომელიც სოფელში წინასარჩევნოდ შეხვედრებს აქტიურად მართავს.
მსგავსი პრობლემა საპარლამენტო არჩევნების კენჭის ყრის დღესაც დაფიქსირდა. საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების უმეტესობას არ ჰქონდა ინფორმაცია რა არჩევნები ტარდებოდა და ვის ირჩევდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები სემირა რუსტემოვა აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემა უფრო მეტად ქალებს აწუხებთ, რადგან მათმა უმეტესობამ ქართულად წერა-კითხვა არ იცის.
,,ვიცი რომ დეპუტატის არჩევნებია. სოფლის საბავშვო ბაღში 20 წელი ვიმუშავე და ვიცი ქართულ ენა.. ვინც მუშაობს და გასულია სამსახურში, მათაც იციან, სოფელში მცხოვრები ქალების უმეტესობა კი არ ფლობს ქართულ ენას კარგად. ასევე უმეტესობამ არ იცის ხოლმე რა არჩევნებია. მიდიან და იმას აძლევენ ხმას რომელი პარტიის შესახებაც სმენიათ მათ და მისი ოჯახის წევრებს’’, – განუცხადა Knews.ge-ს სემირა რუსტამოვამ.
იმის გასაგებად, რა ინფორმაციას ფლობდნენ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლები არჩევნებთან დაკავშირებით, knews.ge-მ სოფელში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა ნაწილმა, რომელთა უმეტესობასაც მამაკაცები წარმოადგენდნენ, იცოდნენ რომ საპარლამენტო არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. ოჯახის წევრ კაცებთან ერთად საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსული ქალები კი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
,,ვიცი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებია და მოვედი უბანზე ხმის მისაცემად’’,– განუცხადა Knews.ge-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ოჯახის წევრი ქალი ახლდა თან. მისივე თქმით, ქალბატონმა ქართული არ იცის, თუმცა არჩევნებზე ხმის მისაცემად უბანზე მაინც მივიდა.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” -ის წარმომადგენელი კახეთში, სულხან ბორძიკაშვილი, არჩევნების დღის განმავლობაში სოფელ ყარაჯალას უბნებზე აკვირდებოდა კენჭის ყრის პროცესს. მისი ინფორმაციით, როგორც წინა არჩევნებზეც, ახლაც სოფელში ენის ბარიერის და ინფორმირების პრობლემა შეინიშნებოდა.
,,აღნიშნულ სოფელში ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით, მოსახლეობის და მათ შორის ახალგაზრდების ცნობიერება და ცოდნა როგორც მე ვნახე ძალიან დაბალია. სოფელში ყოფნისას დავინახე, რომ მარკირება სად და როგორ ხდება მაგაზეც არ ჰქონდათ ინფორმაცია, არ იცოდნენ ვინ უნდა შემოეხაზათ და ამას ვიღაცეები კარნახობდნენ. ამ კუთხით განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო სოფელ ყარაჯალას იმ უბანზე სადაც ვიყავი დამკვირვებელი’’,- განუცხადა knews.ge-ს სულხან ბორძიკაშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი, მარეხ მგალობლიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო დოკუმენტაცია ყოველ არჩევნებზე სხვადასხვა ენაზე იბეჭდება და ისე ვრცელდება, ენის ბარიერის პრობლემა მაინც დგას.
,,ყოველი არჩევნების დროის ენობრივი ბარიერი იყო პრობლემა, თუმცა სხვადასხვა ენაზე იბეჭდება გარკვეული მასალები და საარჩევნო დოკუმენტაცია. ეს ხელს უწყობს ამომრჩეველს, რომ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, თუმცა როგორც ვხედავთ ყველა არჩევნებზე ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის’’,– განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.
;