რა მნიშვნელობა აქვს გრიპის ვაქცინაციას ჯანმრთელობისთვის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოვიდა 110 000-ს კიდევ ელოდებიან, ხოლო 23 000 -ს ნოემბრის შუა რიცხვებში.
მისივე ინფორმაციით, 40 000 დოზა შემოაქვს კერძო სექტორსაც.
„თითქმის ყველგან არის ვაქცინა გატანილი, თბილისში, დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთის რაიონებშიც უკვე გასულია. წინა შემოტანის 25 000 დოზიდან 13 000 იყო ათვისებული რისკჯგუფებზე: ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსით ინფიცირებულები, C ჰეპატიტზე ვინც მკურნალობს და ა.შ.
ფართო რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება, ეს არის სამედიცინო პერსონალი, რადგან ისინი წინა ხაზზე არიან, ყველა დიაბეტიანი, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ასთმა, ემფიზემა. ასევე რა თქმა უნდა, აიცრება ქართული ჯარის ნაწილები, პატრული. ისინი პოლიკლინიკებებში მიბრძანდებიან, არის ასევე პატარა-პატარა რისკ-ჯგუფები: ვეტ-ლაბორატორიების თანამშრომლები და ა.შ. შეგიძლიათ ეს დაწვრილებით ჩვენს ვებ-გვერდზე ნახოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, გრიპის ვირუსი ჯერ არ ცირკულირებს, ამიტომ მოსახლეობა დროულად უნდა აიცრას.
„გრიპის ვირუსი ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებში ან ბოლოს გამოჩნდება, ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, რისკ-ჯგუფებს, რომ დროულად მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან. გრიპის საწინააღმდეგო აცრა გარკვეული პრევენციული ღონისძიება იქნება, რადგან ზედდება შეიძლება იყოს გრიპისა და კოვიდის ერთდროულად და ეს მოსალოდნელია უფრო ნოემბერ-დეკემბერში და ზამთრის სეზონზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა პოლიკლინიკაში, სადაც შესაბამისი კაბინეტებია, გრიპის ვაქცინა უნდა იყოს.
„გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ორსულებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის კულტურა გავზარდოთ. აუცილებელია ყველა ორსული აცრილი იყოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა. თუ მიმართვიანობა იქნება უფრო მეტი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს კიდევ დამატებითი დოზების შესყიდვაზე.
ყველა პოლიკლინიკაში, სადაც ამცრელი კაბინეტებია, გრიპის ვაქცინა უნდა იყოს. ეს მარაგები უკვე შევსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ გთხოვთ, ვეცადოთ ნოემბრის განმავლობაში, განსაკუთრებით ნოემბრის 20-მდე, სანამ გრიპის ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც ეკუთვნის, აიცრას, რადგან ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირს აღენიშნება მაღალი სიცხე და სახსრების ტკივილი, აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
,,გრიპი იწყება მწვავედ, სახსრების ტკივილით, მაღალი სიცხით, შემცივნებით, შესაძლებელია იყოს თავის ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა. ამ დროს პანციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. თუ პაციენტს აღენიშნება ცხვირიდან ჩამონადენი, ტყელის ტკივილი და დაბალი ტემპერატურა, ეს არ არის გრიპი. ეს არის გრიპისმაგვარი დაავადება, რომელიც შეიძლება ისევე გართულდეს როგორც გრიპი. გაციებისგან თავის დასაცავად აუცილებელია ასევე ჰიგიენური პირობების დაცვა: ხელების ხშირად დაბანა, სახლის სველი წესით დალაგება, ხშირი განიავება. გარდა ამისა, გრიპით ან გრიპისმაგვარი დაავადების მქონე პაციენტის იზოლირება უნდა მოხდეს. მათ თავი უნდა შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან”,– განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით პერსონალის ვაქცინაცია თითქმის დასრულდა. გრიპის ვაქცინას ბაღების ყველა მაწავლებელს და ძიძას გაუკეთებენ.
თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ აცრების ჩასატარებლად 700 ერთეული ვაქცინა იყო შემოტანილი.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება.
მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნოთ, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით პერიოდი.