რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ
მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე.
რა თქმა უნდა, გარდა ამისა, მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეის მდგომარეობით უკვე ეს შეზღუდვა მოქმედებს. ასევე შეზღუდულია იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და მსგავსი სოციალური სუფრები. ასევე შეზღუდულია სტუმრების რაოდენობა 10 კაცამდე. შევახსენებ მოსახლეობას და გთხოვთ, დავიცვათ ეს შეზღუდვები “, – განაცხადა ცქიტიშვილმა.