,,კახური ტრადიციული მეღვინეობა” საქმიანობაში მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს
კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა” საქმიანობაში მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს.
მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება გახარჯული.
მისი თქმით, მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს ალტერნატიულ, სუფთა ენერგიას და ზრუნავს ეკოლოგიაზე. როგორც ჩხაიძე აცხადებს, “გურჯაან აგროში“ და ივრის პირებზე უკვე დასრულდა მზის ენერგიაზე მომუშავე PV მონოკრისტალური პანელების მონტაჟი.
პროცესი ამჟამად მიმდინარეობს KTW პატარძეულის ბრენდის ჩამომსხმელ ქარხანაში. პროექტი ხორციელდება Helios Energy Georgia-სთან და APM Heating System-თან თანამშრომლობით.