თვითიზოლაციაში მყოფებმა ხმის მიცემამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ
ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულთა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნების მონაწილეობის საკითხი მოწესრიგდა, რიგ ხარვეზებს შეიცავს. საერთაშორისო გამჭირვალეობა საქართველოს მიერ გავრცელებული განცხადებით, თვითიზოლაციაში ან ბინაზე მყოფი ამომრჩევლის სიაში შესაყვანად ცესკოს მიერ განსაზღვრული დრო 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე საკმარისი არაა. მათი თქმით, წარმოდგენილი დადგენილებით ამომრჩევლებს ამ უფლებით სარგებლობისთვის არაგონივრულად მცირე დრო ეძლებათ. მათივე თქმით, გაუგებარია, რატომ ეზღუდებბათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ბინაზე მკურნალობის ან თვითიზოლაციის აუცილებლობა 26 ოქტომბრის შემდეგ დაუდგინდებათ.
TI-ს განცხადებით, სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა თუ საკარანტინე სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია, ხმის მიცემის პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას და მასზე დაკვირვების უკეთეს შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო დამკვირვებლების საკითხსაც ეხება. ისინი აცხადებენ, რომ ბუნდოვანია, დამკვირვებლებს ექნებათ თუ არა შესაძლებლობა უბანზე არსებულ ყველა გადასატან ყუთს გაყვნენ, ამიტომ დადგენილების ეს ნაწილი მეტ განმარტებას საჭიროებს. მათივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა აღნიშნული კვოტების მინიმუმ ორამდე გაზრდა, რათა შესაბამის ჩართულ მხარეებს უკეთ შეძლებოდათ საკუთარი ფუნქციების განხორციელება.
TI-ს თქმით, წარმოდგენილი დადგენილებით საარჩევნო ყუთის სიების შედგენის წესი ნათლად არ იკითხება, კერძოდ, ბუნდოვანია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებს, საკარანტინე სივრცეებს, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და იმ პირებს, რომლებიც გადიან ბინაზე მკურნალობას, მოემსახურებათ ერთი და იგივე გადასატანი ყუთი, თუ რამდენიმე ასეთი ყუთი. ორგანიზაციის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა ყუთი იქნება ასეთი კატეგორიის ამომრჩევლისათვის გათვალისწინებული, გაურკვეველია რა პრინციპით მოხდება სხვადასხვა სივრცეში მყოფი ამომრჩევლების დაჯგუფება.