თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება
კახეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.
საზედამხედველო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება, მიმდინარე წლის ნოემბერში და დეკემბერშია დაგეგმილი.
,,თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების დროს”,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.