სახელმწიფო ღვინის მარკეტინგულ მხარდაჭერას გეგმავს
ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მეღვინეობის დარგის მნიშვნელობას კახეთის რეგიონისთვის. „კახეთისთვის მეღვინეობის დარგი უმნიშვნელოვანესია. დარგში მიღწეული შედეგები სახეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, რისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებების გაგრძელება. ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართული მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021-2024 წლებში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. ამასთან ერთად, საქართველო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 60-ზე მეტ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში კი ქართული ღვინის 20-ზე მეტი ფესტივალი ჩატარდება.