მუსიკოსი თელავიდან, რომლის სიმღერებსაც სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა აქვს
თელავში მცხოვრები მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი სოსო მიქელაძე, რამდენიმე ათეული წელია სიმღერებს წერს და თავადვე ასრულებს.
მისი განცხადებით, აღნიშნული საქმის დაწყება თავიდან გაუჭირდა, რადგან გზა რომელიც მან გაიარა დაბრკოლებებით იყო სავსე, თუმცა გამოწვევებს არ შეუშინდა და რამდენიმე სიმღერა სტუდიაშიც ჩაწერა.
როგორც თავად ამბობს, ცდამ გაამართლა და მისი პირველი სიმღერა ,,მე და შენ” როგორც youtobe-ზე, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში თუ რადიოში, ჰიტი გახდა. სწორედ ამან მისცა ბიძგი არ გაჩერებულიყო და მსმენელისთვის სხვა სიმღერებიც შეეთავაზებინა.
,,სიმღერებს 1994 წლიდან ვწერ. თავიდან რა თქმა უნდა ყველაფერი რყული იყო, რადგან თითოეული მათგანი, თავისთავად საყვარელი მომღერლების სიმღერებს წააგავდა. მერე თანდათან დავიხვეწე. 1996 წელს ჩავატარე კონცერტი, რომელიც ჩემი სიმღერებისგან შედგებოდა. წლების განმავლობაში ჩემთვის ვმუშაობდი, ახალი სიმღერების დაწერას ვცდილობდი, ასევე ვცდილობდი მემუშავა პროზაშიც, რადგან თვითგანათლება და განვითარება ყოველთვის გავლენას ახდენს სიმღერის ხარისხზე.
გამიჩნდა სურვილი, ჩემი საავტორო კონცერტები გამეკეთებინა. მათი ჩატარება 2009 წლიდან დავიწყე და შემდეგ ეს ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციე. ამაში ძალიან მეხმარებოდა ,,მედია კაფე”, რომელიც თელავში ფუნქციონირებდა. სამი სიმღერა ისეთი იყო ვიცოდი, რომ თუ პროფესიონალურ სტუდიაში ჩავწერდი წარმატებული იქნებოდა. 2015 წელს დადგა ნანატრი დღე და პირველი სიღერა ,,მე და შენ ” გამოვიდა.”, – განუცხადა Knews.ge-ს სოსო მიქელაძე.
მას უკვე ბევრი იცნობს. თუმცა როგორც თავად ამბობს, ამის მისაღწევად საკმაოდ რთული გზა გაიარა.
,,თავიდან ძალიან ცოტა წახალისებები იყო, მაგრამ ერთ თვეში ფანტასტიური გარდასახვა მოხდა. შემდეგ რადიო ,, არ დაიდარდოში” მივიტანეთ. ამ დროს არავის ვიცნობდი ამ სფეროში. ნაცნობების გამონახვაც კი დაგვჭირდა, რომ სიმღერა მიეღოთ და ბოლოს დაიწყეს მისი გაშვება. სწორედ მაგ პერიოდიდან დაიწყო სასწაული გარდასახვა.
ამაში რადიომაც დიდი როლი ითამაშა. გაიზარდა მსმენელთა რაოდენობა და ეს მუხტი გადმოვიდა youtube-ზეც. თუ მანამდე ატვირთულ სიმღეარას ჰქონდა 20 000 ნახვა, ერთ თვეში მნახველთა რიცხვი 300 000-მდე გაიზარდა და მალე მილიონ ნახვაზე ავიდა. ახლა კი ერთი სიმღერის ნახვა 35 მილიონზე მეტია. ეს არის რეკორდი ქართულ რეალობაში”,-განაცხადა სოსო მიქელაძემ.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში 22 სიმღერა შექმნა, თუმცა ყველა ერთნაირად პოპულარული არ გახდა.
,,ბოლო 5 წლის განმავლობაში 22 სიმღერა ჩავწერე. რა თქმა უნდა ყველას თანაბარი წარმატება არ ხვდა წილად. დაახლოებით 5 სიმღერა გახდა ჰიტი და წამყვან ადგილს იკავებდა როგორც რადიოში ასევე youtobe-ზე. არ ვჩერდები და ვქმნი ახალ სიმღერებს. ტექსტები უკვე მაქვს და მათ ნელ-ნელა გამოვუშვებ. მე ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო და მაყურებელს ისეთივე ემოციური სიმღერები შევთავაზო როგორებიც აქამდე იყო”, – განაცხადა სოსო მიქელაძემ.