TI: კახეთში თანამდებობის პირების კომპანიები, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, კახეთის 8 მუნიციპალიტეტში, 2013-2020 წლებში განხორციელებულ არაერთ ტენდერსა და პირდაპირ შესყიდვაში მონაწილეობდა არაერთი კომპანია, რომელთაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამავე მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნებთან.
TI-ის მიმოხილვის მიხედვით, ფაქტი, რომ ამ კომპანიების დიდ ნაწილს შესყიდვებში მონაწილეობის არავითარი წინარე გამოცდილება არ ჰქონდათ, აღრმავებს შეფასებას, რომ ამ შესყიდვებს მაღალი კორუფციული რისკები ახლავს.
გამოკვეთილი ტენდენციები და ძირითადი მიგნებები: კვლევაში მიმოხილულია 51 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და 7 ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობა, რომლებმაც, 2013-2020 წლებში, 167 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს.
- 52-დან 32-მა შპს-მ გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერების მიღება დაფუძნებიდან მალევე დაიწყო, ზოგ შემთხვევაში კი – რამდენიმე დღეში;
- თელავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ქოჩიშვილის ყოფილმა კომპანიამ, 2015-2019 წლებში, ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ლარი მიიღო;
- თელავის გამგებლის ყოფილი მოადგილის, ზურაბ სვიმონიშვილის ორმა კომპანიამ – შპს “ბილდინგმა” და შპს “ნიუ ბილდინგმა” 2013-2020 წლებში 1.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო;
- გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის სიმამრის კომპანიამ 2015-2020 წლებში 12.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, 1 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტისგან;
- შპს “თბილსერვის ჯგუფის” ყოფილი დირექტორის, თორნიკე შიოლაშვილის მიერ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან 1 თვის შემდეგ დაფუძნებულმა კომპანიამ 72 მილიონი ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო 2014-2020 წლებში;
- ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსთან, ზურაბ შავბალახაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ყვარლის მუნიციპალიტეტისგან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს;
- ლაგოდეხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილე, მარიანა გელაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ დაფუძნებიდან 1 კვირაში 2 გამარტივებული შესყიდვა მიიღო;
- ლაგოდეხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ხუციშვილის ძმის კომპანიამ 300 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისგან;
- სიღნაღის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ნოდარ ბაკაშვილის დაფუძნებულმა კომპანიამ 890 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან;
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, არსენ ბუღრიძის ცოლის ძმის კომპანიამ 1.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებისგან.