თელავში ახალი ავტობუსები, თავდაპირველად ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებენ
თელავის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო სტანდრტების შესაბამისი 10 სამგზავრო ავტობუსი ეყოლება, რომელიც გათვლილი იქნება 60 მგზავრზე და ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თელავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 10 სამგზავრო ავტობუსს ფონდი შეისყიდის, განაბაჟებს და თელავის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში სესხად გადმოსცემს. სესხის ოდენობა 1 მილიონი ევროთი განისაზღვრება.
ამ საკითხს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლსეობის წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
უწყების ინფორმაციითვე, სასესხო ვალდებულების აღების საკითხს, რომლის მიზანია თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება, მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა წევრმა დაუჭირა მხარი.
საკრებულოს განკარგულების პროექტი, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილმა წარუდგინა.
„საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსების გადაადგილების არეალი იქნება მხოლოდ ქალაქი თელავი და იმოქმედებს 3 მარშრუტი, ხოლო 2021 წლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც. მოსახლეობა ყველა შეხვედრაზე უმთავრეს საკითხად ასახელებს მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას, ამავე დროს ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დავით ბეგიაშვილმა.