თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენი უფასო ფრენებს შეასრულებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი საავტობილო გზის გახსნამდე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავიარეისებს კვირაში ერთხელ ისევ შეასრულებს.
როგორც knews. Ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ვერტმფრენი მესაზღვრეების გარდა, მოსახლეობასაც უფასოდ მოემსახურება.
“ვერტმფრენი მგზავრებს სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიულ კოლეჯ ,,აისის” მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს. ჩვენ ვცდილობთ, რომ თუშეთში დარჩენილ ადამიანებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ”, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
სოფელ ომალოს მიმართულებით ვერტმფრენმა ყოველკვირეულად უფასო ავიარეისების განხორციელება 2017 წლის მარტიდან დაიწყო.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოძრაობა გაზაფხულამდე 1 ნოემბერს აიკრძალა.
თუშეთი ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრზე მდებარეობს. გზის ჩაკეტვის გამო გაზაფხულამდე თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას ვერტმფრენი წარმოადგენს.