წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა
წინანდლის მუზეუმმა შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები მიიღო საჩუქრად.
წერილების ადრესატი და ნივთების მესაკუთრე როჟე დე გოლი, გენერალ დე გოლის ძმისწული იყო, თავისუფალი საფრანგეთის მებრძოლი და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი.
წინანდლის მუზეუმს აღნიშნული წერილები და ნივთები გადასცა როჟე დე გოლის მემკვიდრემ, წინააღმდეგობის მოძრაობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წევრის, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილმა, წინანდლის მეგობარმა, მხატვარმა ფრანსუა მარი ანტონიოზმა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გენერალ დე გოლის ეს წერილები გადავცეთ საქართველოს. აქ, ისტორიის, ხელოვნებისა და კულტურის მექაში, სადაც დღესდღეობით ტარდება თანამედროვე მხატვრობისა და ქანდაკების გამოფენები, სადაც პრესტიჟულმა საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმაც დაიდო ბინა, აშკარად იგრძნობა ღრმა და ცოცხალი კავშირი საფრანგეთთან; იგრძნობა ისტორიული კავშირები გენერალ დე გოლსა და საქართველოს შორის, და ჩვენს ორ ძმურ და სუვერენულ ქვეყანას შორის”, – აცხადებს მხატვარი ფრანსუა მარი ანტონიოზი.
წინანდლის მუზეუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ დე გოლების ოჯახის მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც საქართველოში დარჩება, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის და დამპყრობლისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლო.