ცესკო ამომრჩეველს პირბადით უზრუნველყოფს
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს ამომრჩეველს პირბადით უზრუნველყოფს.
ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მიქელაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნებიან სპეციალისტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.
„კოვიდინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ჩართული იქნებიან სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ არჩევნები წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. ესენია – საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მედია და შესაბამისად, თითოეული საკითხი უნდა იყოს განხილული ისე, რომ კონსენსუსი იქნეს მიღწეული”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, საკარანტინო ზონებში შესაძლოა გაიხსნას საარჩევნო უბანი და იყოს გადასატანი საარჩევნო ურნაც. როგორც მიქელაძემ განმარტა, ეს დამოკიდებულია საკარანტინო ზონებში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.
ამასთან, ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, ამომრჩეველი რომელსაც არ ექნება პირბადე, საარჩევნო უბანზე არ დაიშვება.
„ამომრჩეველს საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პიბადით. ასევე, ვმუშაობთ რათა თითოეულ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი. საარჩევნო კომისიის წევრები აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. სისტემატურად მოხდება სააუბნო-საარჩევნო კომისიის შენობის სპეციალური ხსნარებით დამუშავება”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.