ახალი ამბები

შვედეთში ქართული ღვინის კლუბი „მარანი“ გაიხსნა

2020 წლის 29 აგვისტოს შვედეთის სამხრეთ რეგიონ სკონეში, ვეიბის ვენახში საზეიმოდ გაიხსნა „ქართული ქვევრის მარანი“.

ინფორმაციას შვედეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ჩრდილოეთ სკანდინავიაში ეს პირველი ქართული მარანია. გახსნას შესავალი სიტყვით წარსდგა მარანის მეპატრონე  იეპე აპელინი (Jeppe Appelin), რომელმაც ვრცლად ილაპარაკა საქართველოს შესახებ, მის ისტორიასა და ტრადიციებზე, განსაკუთრებით საქართველოს, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყნის შესახებ და შესაბამისად ქვევრის მნიშვნელობაზე. მარანი აკურთხა შვედეთის წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელ-მსახურმა დეკანოზმა მამა შიომ, ხოლო ქართული საგალობლები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით.


დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს ელჩმა შვედეთის სამეფოში, მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბ-ნმა ჰანს ვოლმარკმა (Hans Wallmark), რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.


გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მიღება, რომელზეც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქვევრში დამზადებული ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით, რომელიც წამოადგინა გეტებორგში მოქმედი ქართული რესტორნის „სტუმარის“ შეფ-მზარეულმა, იქვე არსებული ქართული ღვინის კლუბ „მარანის“ დამფუძნებელმა, გიორგი სხირტლაძემ. მიღების მიმდინარეობისას სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდი ასრულებდა ქართულ სიმღერებს.

ფოტოზე: შვედეთის სამხრეთ რეგიონის სკონეში გაშენებული ვენახი