თელავში მცხოვრები მჭედელი ქართულ და უცხოურ ისტორიულ იარაღსა და სამკაულებს ამზადებს
ქალაქ თელავში მცხოვრები, ჯემალ სანდოშვილი ქართულ და უცხოურ ისტორიულ იარაღებს და სამკაულებს ამზადებს.
მას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში , შექმნილი აქვს ქართული ხმლები, ჩინური და იაპონური საბრძოლო იარაღები, შუბები, მშვილდი. ასევე სხვადასხვა სახის სამკაული, რომელიც როგორც თავად ამბობს ისტორიული მახასიათებლების გარდა მისი შექმნილი დიზაინით გამოირჩევა.
ჯემალ სანდოშვილის განცხადებით, ,სახლში საკუთარი ხელით მოაწყობილ სახელოსნოში დღის განმავლობაში რამდენიმე საათს ატარებს. როგორც თავად აღნიშნავს, აღნიშნული საქმით პატარა ასაკიდან დაინტერესდა, თუმცა სერიოზულად ეს საქმიანობა, რამდენიმე ათეული წლის წინ ფინანსური შემოსავლის მისაღებად წამოიწყო.
,,ოქრომჭედლობა 1975 წელს დავიწყე. ეს განაპირობა იმან, რომ იქ სადაც დასაქმებული ვიყავი მქონდა დაბალი ანაზღაურება. ამიტომ გადავწყვიტე დამატებითი საარსებო წყარო გამეჩინა და ხელობა მესწავლა. რადგან სამხატვრო განათლებაც მქონდა და მეხერხებოდა კიდეც ეს საქმე, გავაკეთე სახელოსნო და ოქრომჭედლობა მივყავი ხელი.
პირველად გავაკეთე სამკაულები. სამაჯურები, ბეჭდები, და წავიღე უნივერსიტეტში, ვანახე მეგობარ გოგონებს. მათ ძალიან მოეწონათ და ყველა იქვე გავყიდე. ამის შემდეგ დაიწყო შეკვეთები’’,– განუცხადა Knews.ge-ს ჯემალ სანდოშვილმა.
მისივე თქმით, გარდა სამკაულების კეთებისა, პარალელურად მან დაიწყო ქართული იარაღების დამზადებაც, რამაც როგორც თავად ამბობს, გაამართლა და მომხმარებლები დააინტერესა.
,,სამკაულების გაკეთების შემდეგ გადავწყვიტე ქართული იარაღის გაკეთება მესწავლა. მოვიძიე ძველი ხანჯლის პირები და დავიწყე აღდგენა. დავამზადე ხანჯლები და მათ ძველი ქართული ფორმა მივეცი. ეს ნაკეთობები ყველას მოეწონა და შეკვეთებიც გაჩნდა. ზოგს ხმალი უნდოდა ან ხანჯალი ჩოხისთვის, ზოგს უძველესი ხანჯლის აღდგენა- რესტავრაცია და ასე გ ნელ–ნელა გამიცნო ხალხმა. წინა წლებში ბევრი შეკვეთა მქონდა, ახლა კი ძალიან გაუჭირდა ხალხს და მსურველი თითქმის აღარ არის’’,– განაცხადა სანდოშვილმა.
ჯემალ სანდოშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მას 30–მდე მოსწავლე ჰყავდა, თუმცა მათგან უმეტესობამ მხოლოდ ოქრომჭედლობა ისწავლა და იარაღების დამზადების სურვილი არ ჰქონიათ.
მისივე განმარტებით, აუცილებელია ვინმემ ეს საქმე გააგრძელოს, რათა არ დაიკარგონ იარაღის ოსტატები.
,, ქართული იარაღის ყველა დეტალი ვიცი, მაგრამ დღეს ამას, სამწუხაროდ ყურადღებას აღარავინ აქცევს. მეშინია, რომ ძალიან მალე, კახეთში დაიკარგება იარაღის ოსტატი.. ოცდაათამდე მოსწავლე მყავდა, მინდოდა მათ ესწავლათ იარაღის კეთება, მაგრამ ყველა მათგანმა მხოლოდ ოქრომჭედლობის სწავლა შეძლეს. მე რომ აღარ ვიქნები ალბათ კახეთში ასეთი სპეციალისტი აღარ გვეყოლება. ძალიან მინდა, რომ ვინმემ ისწავლოს, სიამოვნებით შევასწავლი ნებისმიერ მსურველს.
გარდა ამისა, სურვილი მქონდა გამეკეთებინა სკოლა, სადაც ქართული იარაღის გაკეთებას ვასწავლიდი ახალგაზრდებს. ამ საკითხზე ყველა მთავრობას მივმართე, რომ ადგილი გამოეძებნათ და მცირედ ხელფასზეც თანახმა ვიყავი, თუმცა მხარი არავინ დამიჭირა’’,– განაცხადა სანდოშვილმა.