სიღნაღში კრაფტ ლუდს აწარმოებენ
ქართულ-ამერიკული ინვესტიციითა და ამერიკელი პარტნიორების ინიციატივით კრაფტ ლუდის LOST RIDGE-ის წარმოება კახეთში, სოფელ ქედელში ორი წლის წინ დაიწყო.
კომპანია Lost Ridge Brewery-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერის ალექსი ბექაურის განცხადებით, დღეისთვის ლუდსახარშში შვიდი სახეობის ლუდი იწარმოება.
მისივე ინფორმაციით, კრაფტ ლუდის წარმოების ამოქმედებისთვის 600 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
„იდეა დაახლოებით ხუთი წლის წინ გაჩნდა, როდესაც ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოება. ენი და დაგი, ჩვენი პარტნიორები კრაფტ ლუდის დიდი მოყვარულები არიან და საქართველოში ხშირი სტუმრობისას სულ აკლდათ ეს პროდუქტი, რამაც უბიძგათ ქართველ პარტნიორებთან ია თაბაგართან და ჯონ ვურდემანთან ერთად მისი წარმოება დაეწყოთ.
ამ ეტაპზე ლუდსახარშის ყოველთვიური წარმადობა დაახლოებით 4 ტონამდე აღწევს, რაც მიკროსახარშისთვის საკმაოდ დიდი მოცულობაა.
ლუდსახარშში 350 ლიტრიანი სისტემა გვაქვს, ე.წ. 3 barrel system, რომელშიც ამ ეტაპზე 7 სახეობის ლუდს ვხარშავთ, თუმცა დროთა განმავლობაში ასორტიმენტის გაზრდას ვფიქრობთ. ამ ეტაპზე რეალიზაცია ადგილზე ჩვენს სასტუმროში და სიღნაღის რამდენიმე რესტორანში ხდება. ხოლო თბილისში ჩვენი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ფაბრიკაში, კერძოდ კი Camora Basement-ში, Dadi Wine Bar-ში, ვაკის ბისტროში, Gvino-ში და Vino Underground-ში.
აქამდე უფრო მეტ ადგილას შეგვქონდა ჩვენი პროდუქცია, სამწუხაროდ პანდემიამ გეგმები აგვირია, თუმცა ახლა კვლავ ვუბრუნდებით ჩვეულ საქმიანობას და ვფიქრობთ, რებრენდინგის. შემდგომში უფრო მეტად და კარგად გავაცნობთ საზოგადოებას თავს“, – განუცხადა bm.ge-ს კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.