სოფელ ბოდბისხევში მოვაჭრეები საკვირაო ბაზრის გახსნას ითხოვენ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, მოვაჭრეები საკვირაო ბაზრის გახსნას მეხუთე თვეა ითხოვენ.
ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, რომ ვაჭრობის აღდგენის თხოვნით, ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ობიექტი დღემდე დახურულია.
,,ბევრჯერ მივმართეთ ადმინისტრაციას. გვპირდებოდნენ, რომ საკითხი მოგვარდებოდა, თუმცა არ შეასრულეს დაპირება. პანდემიის გამო, ისედაც ათასი პრობლემა გვაქვს. ოჯახებს ამ გზით ვინახავთ, ასე ვირჩენთ თავს.
ვითხოვთ, რომ რეგულაციის შესაბამისად, არამალფუჭებადი პროდუქტის გაყიდვის უფლება მოგვცენ”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
საკვირაო ბაზრის დირექტორის, მარიკა ოსკანოვის განმარტებით, ვაჭრობის შეფერხება, კორონა ვირუსის პანდემიამ გამოიწვია.
,,შეფერხება მოხდა პანდემიის გამო, როცა ყველა ბაზარი ერთდროულად დაიკეტა. ბაზარი, ახლად დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. დაახლოებით სამ კვირაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და შესაძლებლობა იქნება ბაზარში ვაჭრობა აღვადგინოთ”, – განაცხადა ოსკანოვამ.
ცნობისთვის, ბოდბისხევის ბაზარს, 16 წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.