როგორი იქნება ,,რთველი 2020’’ და რა მოლოდინები აქვთ კახეთში მევენახეებს
სულ მალე კახეთში რთველი დაიწყება. რეგიონში მცხოვრები მევენახეები კი შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. მათი განცხადებით სეტყვამ მოსავლის ნაწილი გაანადგურა და ისინი ვენახის მოვლაზე დახარჯული თანხის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.
გარდა ამისა, მევენახეები ამბობენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე შესაძლოა ყურძნის გასაყიდი ფასი დაბალი იყოს, რაც მათ პრობლემებს კიდევ უფრო დაამძიმებს.
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მევენახე სოსო ჭიბოშვილი აცხადებს, რომ რქაწითელი მინიმუმ 1 ლარი, ხოლო საფერავი 2 ლარი უნდა ღირდეს. მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ასევე,რომ წელს სახელმწიფომ რთველის სუბსიდირება მოახდინა, თუმცა მისივე განმარტებით, მევენახეების დასახმარებლად მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფაა საჭირო.
,,რქაწითელი 1 ლარი მაინც უნდა ღირდეს, საფერავის ფასი კი 2 ლარიდან უნდა იწყებოდეს. ყველაფერი გაძვირებულია და ბევრი გვიჯდება ვენახის მოვლა. რაც დავხარჯეთ ის მაინც ხომ უნდა ავინაზღაუროთ. ცალკე სეტყვამ გაანადგურა მოსავლის ნაწილი. ხელისუფლების დახმარების იმედი გვაქვს’’,– განუცხადა Knews.ge-ს სოსო ჭიბოშვილმა.
მევენახეების ნაწილი კი ამბობს, რომ ყურძნის მოყვანა მათთვის მომგებიანი აღარ არის, რადგან ყოველ წელს მოსავლის მოსაყვანად დიდ თანხას ხარჯავენ, თუმცა მის ანაზღაურებას ვერ ახერხებენ.
,,ყოველწელს ან ყურძნის გაყიდვის პრობლემა გვაქვს, ან დაბალი ფასი ღირს. ტყუილად ვწვალობთ. რასაც ვხარჯავთ ვერ ვინაზღაურებთ, მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია. აუცილებელია მთავრობა სხვანაირად მიუდგეს ამ საკითხს და განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელიც სოფლებში მცხოვრებ მცირე მევენახეებს დაეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში’’,– განუცხადეს Knews.ge-ს კახეთში მცხოვრებმა მევენახეებმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი იმისათვის, რათა წლევანდელმა რთველმა წარმატებით ჩაიაროს.
მისივე განმარტებით ყველაზე მთავარია, მევენახე ფერმერებს წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ და ამავდროულად, შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ.
,,ვმუშაობთ, რათა 2020 წელს ღირსეული რთველი ჩატარდეს, ისევე, როგორც ყველა წინა წელს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა რგოლის კონსოლიდირება, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. მიუხედავად კახეთში მომხდარი სტიქიისა, წელს ველოდებით საკმაოდ დიდ მოსავალს. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც პანდემიამ შექმნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი. სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ რთველმა წელსაც წარმატებით ჩაიაროს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღვინის მწარმოებლებისათვის სხვადასხვა ტიპის საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის დამატებითი სტიმული გაჩნდა. შეღავათიანი აგროკრედიტით ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების წლიური 8%-ის ოდენობის თანადაფინანსება მოხდება.
გარდა ამისა, მთავრობა გამარტივებული წესით, 50 მლნ ლარის ყურძნის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი.
განაცხადის მიხედვით, მთავრობა წელს ჯამურად 80 ათას ტონამდე ყურძნის შესყიდვას გეგმავს, რასაც შემდგომში მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული ღვინის ქარხნები გადააქცევენ ღვინო-მასალად ან სპირტად. დაკონტრაქტების პროცესს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სს “აკურა” წარმართავს. შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდება.
” სს „აკურა-“ს შეუძლია მხოლოდ 3000 ტონამდე ყურძნის მიღება-გადამუშავება, ხოლო დანარჩენი წინა წლების პრაქტიკიდან გამოდინარე 70-80 ათასი ტონა ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართვლოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას, სხვადასხვა დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას, რის გამოც სს „აკურას“ მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს წინასწარ ანგარიშსწორებაზე გარანტიის წარდგენის ვალდებულება. სს „აკურამ“ 2020 წლის რთველისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები უნდა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რომლის ღირებულებაა 50 000 000 ლარი,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტში.