დედოფლისწყაროში დაკეტილ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ქალაქ დედოფლისწყაროში, ერთ–ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 77 წლამდე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებმა დასახმარებლად საპატრულო პილიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც მამაკაცი გარკვეული დროის მანძილზე არ გამოჩნდა.
მათივე განცხადებით, დაკეტილი კარი სამაშველო სამსახურმა გახსნა და მამაკაცის გვამი აღმოაჩინა. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, ოჯახის სხვა წევრები დასასვენებლად არიან წასულები, მამაკაცი კი სახლში მარტო იმყოფებოდა.
მათივე განმარტებით, პენსიონერ მამაკაცს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და პერიოდულად საავადმყოფოში მკურნალობდა.
“ორი დღე რომ არ გამოჩნდა 112-ში დავრეკეთ. კარი შეამტვრიეს და ეს სურათი დახვდათ, ” – აცხადებენ ადგილობრივები.
პოლიციამ მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენა. აღნიშნულ ფაქტზე დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ ძიება დაიწყო.