ახალი ამბები

ყვარელში მეცხოველეობის ფერმა გაფართოვდა

აგრომიმართულების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკისა და შპს ,,ყვარლის ბაგას” პარტნიორობით კახეთის რეგიონში, ყვარელში, მეცხოველეობის ფერმა გაფართოვდა.

კომპანიის ინფორმაციით, “ყვარლის ბაგა” საქართველოში რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია რძის წარმოების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა რეგიონში.

,,დაარსების დღიდან დღემდე, მუდმივად ხდება საწარმოს გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით მოხდა ბანკის მიერ ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ჯამში დაახლოებით 5.8 მლნ ევრო შეადგინა. ინვესტიცია მსხვილფეხა საქონლის შეძენის, შიდა ინფრასტრუქტურის და საწარმოს გაფართოებისთვის ძირითადი საშუალებების: სადგომების მოწყობას; უახლესი ტექნიკის შეძენას მოხმარდა’‘,– აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კომპანია ყვარელში 2010 წელს დაარსდა. ფერმის ძირითად საქმიანობას რძის წარმოება წარმოადგენს. ფერმა აგებულია ებრაული ფერმის მოდელის მიხედვით, რომელიც ევროპულ მოდელთან შედარებით ფლობს რიგ უპირატესობებს, რაც ძირითადად მოიცავს პირუტყვის კომფორტს, ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას.

მიმდინარე ეტაპზე შპს ყვარლის ბაგას საშუალო თვიური წარმადობა შეადგენს 665 ათას ლიტრ რძეს. ფერმა დღეის მდგომარეობით 2 000-მდე ძროხას იტევს, რასაც ოპერირებას კომპანიის დაახლოებით 60 თანამშრომელი უწევს.