სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის 7 კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვთან კონტაქტში მყოფ 7 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნული პირების ტესტირების შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. მისივე გაბცხადებით, სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობას განაგრძობენ.
,,16 ივლისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა 164 ნიმუში. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. მათ შორის ყარაჯლის დადასტურებული შემთხვევის 7 კონტაქტის ტესტირების შედეგიც უარყოფითია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
,,კახეთში სამ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 95 მოქალაქე. თვითიზოლაციაში კი 60 . ასევე მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 8297 ნიმუში”,–განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.