მთავრობა კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებს
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადენით, დაიწყო სტიქიით დაზარალებული ფიზიკური პირების და მათი სასოფლო–სამეურნეო სავარგულების რაოდენობის აღრიცხვა.
მისი განმარტებით, ის თუ რა ფორმით დაეხმარება კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ დაიწყება საუბარი, როცა მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა იქნება ცნობილი.
„სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. შედარებით ნაკლები მოცულობის სავარგულებია დაზიანებული ყვარლის და საგარეჯოს მუნიციპლიტეტში, დაახლოებით 248 ჰექტარია პირველადი მონაცემებით. ძალიან აქტიურად მიმართავენ დაზღვეული ფერმერები სადაზღვევო კომპანიებს რათა მათი ზარალი შეფასდეს.
სამწუხაროდ გვყავს ასევე დიდი რაოდენობა ისეთი მევენახეების და ფერმერებისა, რომელსაც არ აქვს ნასარგებლები სადაზღვევო სისტემით. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ დაზარალებული ფერმერების მიმართ. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული სამინისტრო.
ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის რეგიონულ უწყებასთან, თელავის, ყვარელისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებთან ერთად ვიწყებთ დეტალურ შესწავლას თვითოეული ფიზიკური პირის და მისი სასოფლო სავარგულების რაოდენობის და მოსავლის აღრიცხვას, ეს ინფორმაცია რამდენიმე დღეში სრულყოფილად იქნება შეკრებილი და ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მთავრობას ექნება საშუალება მიიღოს შემდგომი გადაწყვეტილება, თუ რა მიმართულებით იმოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.