ახალი ამბები

ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის 10 კონტაქტის ტესტირების შედეგი უარყოფითია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვთან კონტაქტში მყოფი 10 პირის ტესტირების შედეგი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, სოფელში ეპიდკვლევა და დამატებითი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

,,15 ივლისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა 238 ნიმუში. 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. მათ შორის სოფელ ყარაჯლის დადასტურებული შემთხვევის 10 კონტაქტის ტესტირების შედეგიც უარყოფითია.

დღეს კვლავ გრძელდება ნიმუშების აღება კონტაქტირებული პირებიდან, რომლიც გაიგზავნება ლუგარის ცენტრში და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, კახეთის რეგიონში 3 კარანტინის სივრცეში იმყოფება 111 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 56 ადამიანი.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება და კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ნიმუშის აღება.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 8133 ნიმუში, აქედან 3094 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 301 შშმ პირი, 44 ტრაილერის და 129 საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი და 148 შსს-ს თანამშრომლები.