პრემიერი – თელავისა და ყვარლის სოფლები დაისეტყვა, ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კახეთში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა. მან მთავრობის გუნდის წევრებს დაავალა, რომ ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.
,,დინამიურად ვითარდება სოფლის მეურნეობის მიმართულებაც. სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. მინდა გაგახსენოთ, რომ რთველი გვიახლოვდება, ისევე როგორც თხილის სეზონი და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ წუხელ თელავისა და ყვარლის რაიონების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ამიტომ, ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“,- განაცხადა გახარიამ.
სტიქიამ კახეთის რეგიონში ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კონდოლში 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დასეტყვილია ვენახები, სიმინდის ყანები და ნარგავები.